Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირების საჩივრის საფუძველზე, შრომის ინსპექციამ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში შრომის კანონმდებლობის არაერთი დარღვევა გამოავლინა

პროფკავშირების გაერთიანებამ მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის უმცროსი ექიმის თხოვნის საფუძველზე საჩივარი მოამზადა და  შრომის ინსპექციას ივლისის თვეში მიმართა, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების   კოორდინაციისა   და   გადაუდებელი   დახმარების   ცენტრის  მხრიდან დასაქმებულთა   შრომითი   უფლებებისა   და   შრომის   უსაფრთხოების   ნორმების დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება მოეხდინათ.

შრომის ინსპექციამ დააკმაყოფილა სასწრაფო დახმარების ბრიგადის უმცროსი ექიმის – ნუგზარ ნემსიწვერიძის საჩივარი და დაადგინა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მხრიდან დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევები:

  • ცენტრი არ ასრულებს უვადო შრომითი ხელშეკრულებების დადების შრომის კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებას მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულთა უმრავლესობას მრავალწლიანი სტაჟი აქვს;
  • შრომით ხელშეკრულებებში არ არის განსაზღვრული სამუშაო და დასვენების დრო;
  • შრომითი ხელშეკრულებები არ შეიცავს სამუშაოს აღწერილობას, კონკრეტულად რა ევალება დასაქმებულს;
  • დასაქმებულებთან არ არის შეთანხმებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი და ოდენობა;
  • ხელშეკრულებები არ ითვალისწინებს ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობასა და მიცემის წესს;
  • შრომითი ხელშეკრულებები ადგენს შეთავსებით სამუშაოზე დასაქმების შეზღუდვას შრომის კოდექსით დადგენილი ფარგლების საწინააღმდეგოდ;
  • დასაქმებულებს არ აქვთ ყოველი 6 საათის მუშაობის შემდეგ ერთსაათიანი შესვენების უფლება და შესაძლებლობა;
  • ცალკეულ შემთხვევებში არ არის დაცული ცვლებს შორის დასვენება (გამოვლინდა ისეთი შემთხვევა, როდესაც დასაქმებულს ზედიზედ სამი კვირის განავლობაში არცერთი დასვენების დღე არ ჰქონია);
  • ცენტრი არ ასრულებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვალდებულებას და არ აღრიცხავს სამუშაო დროს, ასევე, ყოველთვიურად არ აცნობს დასაქმებულებს სამუშაო დროის აღრიცხვის დოკუმენტს.

შრომის ინსპექციამ გამოავლინა, ასევე, შრომის უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობებიც:

  • ცენტრს არ ჰყავს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი;
  • ცენტრს არ აქვს შემუშავებული შრომის უსაფრთხოების მიმართულებით პრევენციის ღონისძიებების პოლიტიკის დოკუმენტი, არ აქვს გამოვლენილი საფრთხის შემცველი ფაქტორები და ის დასაქმებულები, რომლებიც საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. არ აქვს შეფასებული რისკები და არ აწარმოებს მონიტორინგს;
  • დასაქმებულებს არ უტარდებათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ინსტრუქტაჟი;
  • არ აღირიცხება სამუშაო ადგილზე პროფესიული დაავადებები, უბედური და საშიში შემთხვევები;
  • დასაქმებულები არ არიან აღჭურვილები აუცილებელი ეფექტური სამუშაო სპეციფიკის შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით: წყალგაუმტარი ბოტებითა და ლაბადით, ხელთათმანებით;
  • დასაქმებულებს არ უტარდებათ დამსაქმებლის ხარჯით წინასწარი და პერიოდული სამედიცინო შემოწმება;
  • სამუშაო გარემო არ არის უზრუნველყოფილი დასაქმებულთან, განსაკუთრებით, სამუშაო სივრცის მოწყობის თვალსაზრისით, ე.ი. არ არის საკმარისი მოსასვენებელი, გამოსაცვლელი, საკვები სივრცეები (საჩივარში ასე იყო ეს საკითხი დაყენებული);
  • სამედიცცინო ნარჩენებისთვის კონტეინერებს არ აქვს ხუფები.

დარღვევების გამო შრომის ინსპექციამ გაფრთხილება მისცა ცენტრს და მათ გამოსასწორებლად  90 დღე განუსაზღვრა.

შრომის ინსპექცია იზიარებს, რომ შრომის კოდექსი ადგენს სამუშაო კვირაში მაქსიმალური ნორმირებული სამუშაო დროის ლიმიტს 40 საათის ოდენობით, ხოლო სპეციფიკური საწარმოო რეჟიმის მქონე საწარმოებში _ 48 საათის ოდენობით. შრომის ინსპექცია აღნიშნავს იმასაც, რომ ცენტრის შინაგანაწესით დასაქმებულებისთვის დადგენილია 40-48-საათიანი სამუშაო კვირა. აგრეთვე, ცენტრმა შრომის ინსპექციას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას იხდის თვეში ნამუშევარი 208 საათის ზემოთ.

შრომის ინსპექციის პოზიციით, შრომის კოდექსი ადგენს ნორმირებული სამუშაო დროის კვირის მაქსიმალურ ლიმიტს, თუმცა შესაძლებელია, წარმოიშვას ისეთი შემთხვევა, როდესაც შეუძლებელია ყოველდღიური ან ყოველკვირეული სამუშაო დროის ხანგრძლივობის დაცვა, ასეთ შემთხვევაში დასაშვებია სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვა. შრომის ინსპექციის პოზიციით, თუ შეუძლებელია სამუშაო დროის აღრიცხვა ყოველდღიურად, დამსაქმებელი უფლებამოსილია, სამუშაო დრო აღრიცხოს ნებისმიერი პერიოდულობით და დაადგინოს საშუალო ნამუშევარი დრო.

პროფკავშირების პოზიციით, ეს არის შრომის კოდექსის უკიდურესად სახიფათო და დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაურესებისკენ მიმართული განმარტება. შრომის კოდექსის 24-ე მუხლი ადგენს სამუშაო კვირაში ნორმირებული და არანორმირებული სამუშაო საათების მაქსიმალურ ლიმიტს და ეს არის 40-48 საათი. ამასთან, შრომის კოდექსი არაორაზროვნად სამუშაო დროს განსაზღვრავს კვირაში და არა თვეში, კვარტალში ან წელიწადში და არ განასხვავებს ლიმიტს სამუშაოს ორგანიზების მხრივ, იქნება ეს ცვლებში მუშაობა თუ – არა. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა ზეგანაკვეთური საათების დადგენა. თუ არ არსებობს დროის ლიმიტი, რომელშიც შეიძლება, იმუშაოს დასაქმებულმა, მაშინ გამოდის, არც ამ ლიმიტზე გადაცილება, ანუ ზეგანაკვეთური საათები არ არსებობს.

გარდა ამისა, შრომის ინსპექციამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ ცენტრში შეუძლებელია, ყოველდღიურად ზუსტად აღირიცხოს დასაქმებულთა ნამუშევარი დრო. სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმები და მძღოლები მუშაობენ 24-საათიანი ცვლის გრაფიკით. არის შემთხვევები, როდესაც ვერ ასრულებენ ცვლას ზუსტად 24-ე საათზე, მაგრამ ბრიგადების გადაადგილდება კონტროლდება GPS სისტემით, რომლის ჩანაწერები ხელმისაწვდომი იყო შრომის ინსპექციისთვის (მიაწოდა მომჩივანმა). GPS სისტემა ზუსტად აჩვენებს, როდის გავიდა სამუშაო ცვლაში ბრიგადის მანქანა და ბოლოს როდის დაბრუნდა ფილიალში. შესაბამისად, სირთულეს არ წარმოადგენს ნამუშევარი დროის ზუსტად დადგენა. ამის გამო წლებია დამსაქმებელი არ უნაზღაურებს დასაქმებულებს იმ დროს, რომელიც გადასცდება ცვლას და რომელსაც ბრიგადის წევრები ანდომებენ პაციენტისთვის დახმარების გაწევას, ანუ სამუშაოს შესრულებას. ეს კი სწორედ იმიტომ ხდება, რომ დამსაქმებელი არ აღრიცხავს ამ დროს, როგორც ნამუშევარ დროს. შრომის ინსპექციის განმარტება კი დამსაქმებელს ამგვარი პრაქტიკის გაგრძელების საშუალებას აძლევს.

მომჩივანის ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავს.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.