Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სამი მოგებული სასამართლო დავა სააპელაციო სასამართლოში

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტებმა სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის ბოლოს 3 სასამართლო დავა მოიგეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა თ.ჯ.-ს და ნ.ჩ.-ს სააპელაციო საჩივარი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ.

გადაწყვეტილების მიხედვით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბრძანება თ.ჯ. და ნ.ჩ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, კომისიას დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 64 000 ლარის ოდენობით. 

სასამართლოში დავა მოსარჩელეთა უკანონოდ გათავისუფლების გამო 2017 წლიდან მიმდინარეობდა, მას შემდგომ, რაც 2016 წლის 29 დეკემბერს, განხორციელებული ე.წ. რეორგანიზაციის შედეგად,  მოსარჩელებს შეუწყვიტეს შრომითი ხელშეკრულებები მათი შეხედულებით დისკრიმინაციული (სქესის ნიშნით) საფუძვლით.

თავდაპირველად, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს მოსარჩელეების მოთხოვნები განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თაობაზე. 

საქმის უზენაესში განხილვის პროცესში, უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი და საქმე ხელახლა გამოსარკვევად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს, რომელსაც მიეცა მითითება გამოეკვლია ხომ არ არსებობდა საქმეში სქესის ნიშნით დისკრიმინაცია. 

თ.ჯ. და ნ.ჩ.-ს ინტერესებს სასამართლოში იცავს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა. 


27 დეკემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 21/10/2021წ. გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა ი.შ-ს სარჩელი ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ, კერძოდ: ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის ვადის გასვლის გამო შეწყვეტისა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე – მისი გამოცემის მომენტიდან და მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა ცნობილ იქნა უვადოდ;  დაევალა  მოპასუხეს მოსარჩელის საზოგადოებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის  – ,,ჟურნალისტის“ თანამდებობაზე აღდგენა;  მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით დაეკისრა ყოველთვიურად დარიცხული  შრომითი ანაზღაურების გადახდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და სამსახურიდან  გათავისუფლების დღიდან სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

ი. შ. 2019 წლიდან  მუშაობდა  სსიპ ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ საზოგადოებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის  – ,,ჟურნალისტის“ თანამდებობაზე. მოპასუხე მას უფორმებდა, 6 თვიან და 3 თვიან ხელშეკრულებებს (ბოლოს 3 თვიანი ხელშეკრულება გაფორმდა 31/03/2021წ-01/07/2021წ.).  მიუხედავად მოსარჩელის ჯეროვანი და კეთილსინდისიერი საქმიანობისა, ასევე შრომითი ურთიერთობის უვადოობისა – 05/07/2021წ. მოპასუხემ  შრომითი ურთიერთობის ვადის გასვლის საფუძვლით ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და დასაბუთების გარეშე გაათავისუფლა იგი სამსახურიდან. საქმე არის პრეცედენტული, შეეხება პროფკავშირების ინიციატივით შრომის კოდექსში შესული ცვლილებებიდან გამომდინარე შრომითი ურთიერთობის უვადოდ მიჩნევას. 


29 დეკემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 29/09/2021წ. გადაწყვეტილება, რომლითაც  დაკმაყოფილდა ომარ პაპიაშვილის სარჩელი სს ,,ელმავალმშენებელის“ წინააღმდეგ. კომპანიას დაევალა თანამშრომლის სამუშაოს შესასრულებლად დაშვებამდე ან მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე იძულებითი მოცდენის თანხის გადახდა (ყოველთვიური საშუალო ხელფასის გადახდა), რაც ყოველთვიურად, სამსახურში აღდგენის დღემდე იზრდება.

სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებობს უვადო შრომით სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც არც შეწყვეტილი და არც შეჩერებული  არ არის. საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ დამსაქმებელმა შესთავაზა შრომითი ურთიერთობის შეჩერება და დასაქმებული დაეთანხმა დამსაქმებლის მიერ გამოვლენილ ნებას შრომითი ურთიერთობის შეჩერების შესახებ.

სასამართლომ აღნიშნა, რომ უსაფუძვლოა  მოპასუხის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება და შინაგანაწესი საწარმოს ათავისუფლებს დამსაქმებლის ბრალით, იძულებითი მოცდენის დროს შრომის ანაზღაურების გაცემისაგან, ასევე დასაქმებულის თანხმობის გარეშე ანაზღაურების გარეშე შვებულებაში გაშვებასთან და შესაბამისად დამსაქმებლის ბრალეულობით იძულებით მოცდენის პირობებში ყოველთვიური საშუალო ანაზღაურების გაცემასათან, მათ შორის გამომუშავებაზე მყოფ პირებთან  მიმართებით, რამდენადაც  შრომითი ხელშეკრულების 2.3 და შრომის შინაგანაწესის 10.1 პუნქტის დათქმა აუარესებს დასაქმებული მდგომარეობას, ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კოდექსს, კოლექტიურ ხელშეკრულებას – ამიტომაც ბათილია შრომის კოდექსის 1.3 და 6.10 მუხლის (ძველი რედაქციით) შესაბამისად.

ბოლო ორ საქმეზე მოსარჩელეთა ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი სერგო მახარაძე იცავს.

საგულისხმოა, რომ კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ დავა რამდენიმე თვის წინ ასევე წარმატებით დასრულდა.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დავა მოვუგეთ

პროფკავშირებმა ,,ელმავალმშენებელს” სასამართლო მოუგო – დავა საქალაქო სასამართლოში

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.