საქართველოს კანონის პროექტი დაგროვებითი პენსიის შესახებ: უპირატესობები და გამოწვევები – ამ შინაარსის შეხვედრას საქართველოს პარლამენტი დღეს მასპინძლობს. შეხვედრის მიზანია საჯარო და კერძო სექტორებს შორის, საკითხზე კონსტრუქციული დიალოგი შედგეს და დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტში ძირეულ საკითხებზე კონსესუსის მიღწევა მოხერხდეს.
შეხვედრის ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, USAID-ის პროექტი ‘’მმართველობა განვითარებისთვის’’ (G4G) და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEC). განხილვას უძღვება საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, პოზიციებს წარმოადგენენ ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრების მოადგილეები, USAID-ის პროექტის ‘’მმართველობა განვითარებისთვის’’, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი, სავალუტო ფონდი, ერონული ბანკი და საჯარო და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლები.
დისკუსიაში მონაწილეობს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, რომელიც საკითხზე გაერთიანების მიერ მომზადებული ალტერნატიული საკანონმდებლო ინიციატივის ძირითად მიგნებებს წარმოადგენს.