პროფკავშირული ნიშნით ნათია ჩხეტიანის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო, შრომის ინსპექციის სამსახურმა შპს „ჯორჯიან ვაინს პროდუსინგ კომპანი“ 3000 ლარის ოდენობით დააჯარიმა.
შრომის ინსპექციის სამსახურმა დამსაქმებლისგან გამოითხოვა დოკუმენტები, გამოჰკითხა ორივე მხარე, სხვა პროფკავშირის წევრი და არაწევრი დასაქმებულები, რომელთაც ნათია ჩხეტიანის მიმართ დამსაქმებლის მხრიდან უხეში დამოკიდებულება დაადასტურეს.
სამსახური დარწმუნდა, რომ რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლება ფიქტიური და ნათია ჩხეტიანის მიმართ პროფკავშირის წევრობის ნიშნით დისკრიმინაციის შენიღბვა იყო. დისკრიმინაციულ მოტივს შრომის ინსპექციის სამსახური შემდეგი ფაქტებით ხსნის:
- ნათია ჩხეტიანი ასრულებდა ერთდროულად სხვადასხვა პოზიციისთვის განკუთვნილ სამუშაოებს, ამიტომ, თუნდაც მისი პოზიციის გაუქმება აუცილებელი ყოფილიყო, დამსაქმებელი ვალდებული იყო, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე, დანარჩენი სხვა ფუნქციების შემსრულებლის პოზიცია შეეთავაზებინა და შეენარჩუნებინა უვადო ხელშეკრულების მქონე კადრი;
- ნათია ჩხეტიანთან ერთად გაათავისუფლეს მხოლოდ ერთი პირი, ისიც პროფკავშირის წევრი;
- კომპანიაში ჩატარდა „რეორგანიზაცია“, რომლის შედეგი იყო მხოლოდ ორი პოზიციის გაუქმება;
- დამსაქმებელი რეორგანიზაციისა და 2 პოზიციის გაუქმების აუცილებლობასთან დაკავშირებით საუბრობდა კომპანიის ეკონომისტის ეკონომიკურ გათვლებზე, თუმცა ეს „გათვლები“ დარჩა ზოგად მსჯელობად და კომპანიას არ წარმოუდგენია ამ გათვლების დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება;
- ნათია ჩხეტიანი შრომის ინსპექციას მიმართავდა კონფიდენციალურობის დაუცველად, ე.ი. დამსაქმებლისთვის ცნობილი იყო, რომ საჩივრების ავტორი ნათია ჩხეტიანი იყო;
- დამსაქმებელს არ უთქვამს, რომ ნათია ჩხეტიანი არაკვალიფიციური იყო;
- დამსაქმებელი უყვიროდა და შეურაცხყოფას აყენებდა ნათია ჩხეტიანს.
ნათია ჩხეტიანი შპს „ჯორჯიან ვაინს პროდუსინგ კომპანიში“ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. აგრეთვე, აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირსა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებასთან. გარდა ამისა, კომპანიაში არსებული მძიმე შრომის პირობებზე რეაგირების მიზნით, ნათია ხშირად მიმართავდა შრომის ინსპექციის სამსახურს და შრომით უფლებებზე ინფორმაციას სხვა დასაქმებულებსაც აწვდიდა. სწორედ ამიტომ, დასაქმების მთელი პერიოდის განმავლობაში, დამსაქმებელი მის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა. აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
აღსანიშნავია, რომ ამავე კომპანიის მხრიდან, შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტზე, შრომის ინსპექციას სხვა დასაქმებულმაც მიმართა და ინსპექციამ შრომის კანონმდებლობის დარღვევა მის მიმართაც დაადგინა.
ნათია ჩხეტიანისა ნინო პეტრემღვდლიშვილის გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის მიზნით, ბრძოლა სასამართლოში გრძელდება. მათ ინტერესებს ყველა ინსტანციასა და ორგანოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავს.