Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შრომის უსაფრთხოება, საგანგებო მდგომარეობისას, დაცული უნდა იყოს ეკონომიკის ყველა მოქმედ სექტორში!

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, უზრუნველყოფილი იქნას ეკონომიკის ყველა მოქმედ სექტორში დასაქმებული ადამიანების შრომის უსაფრთხო პირობები.

,,მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის  N 181 დადგენილების* შესაბამისად, განისაზღვრა საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩამონათვალი, რის ფარგლებშიც, ქვეყანაში აიკრძალა რიგი ეკონომიკური საქმიანობები, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როგორიცაა: სამედიცინო დაწესებულებათა საქმიანობა, სურსათის/ცხოველის საკვების, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის წარმოება, ნავთობისა და გაზის მოპოვება, სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულება და სხვ.

ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში საქმიანობა დასაშვებია, მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 01-149/ო ბრძანების* საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო მთელი რიგი ზომები COVID-19 გავრცელების აღკვეთის მიზნით ადამიანების უსაფრთხო შრომის უზრუნველსაყოფად,  სამწუხაროდ, საგანგებო მდგომარეობის დროს დაშვებულ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ რიგ სექტორებში დასაქმებულებს კვლავ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ გარემოში უწევთ საქმიანობა, რადგან მათ შრომითი უსაფრთხოებაზე კონტროლი საკანონმდებლო რეგულაციებისა და სახელმწიფო ზედამხედველობის მიღმა რჩება.

აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საგანგებო რეჟიმის პირობებში საქმიანობა გრძელდება ისეთ სექტორებში (მშენებლობა, სამთომოპოვება), სადაც ტრადიციულად  ყველაზე მაღალია უბედური შემთხვევეის სტატისტიკა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება „უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონის პროექტის შემუშავების პირველივე დღიდან ითხოვდა ამ კანონის მოქმედების გავრცელებას საგანგებო მდგომარეობის დროსაც, შეზღუდვების გარეშე, სამწუხაროდ, ეს ცვლილება არ იქნა გაზიარებული, რის შედეგადაც, მოქმედი კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის დროს მიმდინარე შრომით საქმიანობაზე.  ამგვარად, რიგი ეკონომიკური დარგების საქმიანობა სახელმწიფო კონტროლს მიღმა რჩება და შესაბამისად,  შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ვერ ახორციელებს თავის უფლებამოსილებას.

მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობებს განეკუთვნება მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებზე ზედამხედველობის განხორციელება,  მისი მადატი სრულად არ მოიცავს შრომის უსაფრთხოების საკითხებს და ტექნიკური აღჭურვილობების გამართულობის შემოწმებით შემოიფარგლება.  ხოლო, მერიის მუნიციპალური  ინსპექცია ახორციელებს ძირითადად საზოგადოებრივი და საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხების კონტროლს, თუმცა აღნიშნული სამსახურების მუშაობა რეგიონებში, განსხვავებით თბილისისგან,  არაეფექტურია და დარღვევის შემთხვევაში სახდელებიც იმდენად მცირეა (200, 500 ლარი), რომ მას პრევენციული და  შემაკავებელი ეფექტი ფაქტობრივად არ გააჩნია.

არსებული პრაქტიკა კი კვლავ ცხადყოფს, რომ მშენებლობებსა და მძიმე მრეწველობაში დასაქმებულთა მდგომარეობა კვლავ რისკის ქვეშაა და არც მათ საქმიანობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ეფექტიანი მექანიზმი არსებობს, რადგან შრომის ინსპექციის უფლებამოსილება საგანგებო მდგომარეობის დროს შეჩერებულია და არ მოქმედებს, მოქმედი ზედამხედველი მექანიზმები კი მას სრულად ვერ ანაცვლებს. გასათვალისწინებელია, რომ  ამ პირობებში  უკვე ადგილი აქვს თბილისში ლერმონტოვის ქუჩაზე მშენებლობის მიმდინარეობისას 3 ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას.

იმისთვის, რომ მოხდეს, პირველ რიგში, შრომის უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფა, უბედური შემთხვევების პრევენცია, ხოლო დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მასზე ეფექტიანი რეაგირება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიმართავს საქართველოს პრემიერ მინისტრს თხოვნით:

  1. შემუშავდეს ერთიანი კოორდინირებული მიდგომა, რათა დასაქმებულთა უსაფრთხოება საგანგებო მდგომარეობის პირობებში იყოს დაცული ეკონომიკის ყველა დარგში თანაბრად;
  2. განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და მერიის მუნიციპალური  ინსპექციების საქმიანობაზე თბილისსა და რეგიონებში;
  3. ეკონომიკური საქმიანობის იმ დარგებზე და შრომის უსაფრთხოების იმ საკითხებზე კი, რომლებიც ზემოაღნიშნული ორგანოების კონტროლის მანდატს მიღმა რჩება, გაავრცელოს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფლებამოსილება, რათა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ეკონომიკის ყველა სექტორში დასაქმებული ადამიანების შრომის უსაფრთხოება იყოს დაცული.’’

 

*N 181 დადგენილება

*01-149/ო ბრძანება

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.