მიმდინარე წლის 30 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის მე-2 უბანზე მოხდა საწარმო შემთხვევა – არსებული ინფორმაციის თანახმად, ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების წარმოებისას აფეთქდა შახტაში დაგროვებული მეთანის აირი, რის შედეგადაც 9 მეშახტემ დამწვრობითი დაზიანებები მიიღო. 3 მათგანს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა, ხოლო 6 მეშახტე თბილისის შესაბამის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ერთერთი, საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, ასევე საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი, სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილი მეშახტის ოჯახს, ხოლო კლინიკაში მყოფ მეშახტეებს უსურვებენ გამოჯანმრთელებას.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება და დარგობრივი პროფკავშირი აღნიშნავს, რომ 2019 წლის ოქტომბრიდან, ანუ იმ მომენტიდან, როდესაც შპს ,,საქნახშირი“-ს ოპერატორი კომპანია შეიცვალა, სრულიად შეიცვალა ნახშირის მოპოვების მიმართ დამოკიდებულება და შიდა სამრეწველო პოლიტიკა – თუ ჯი აი ჯი ჯგუფის მიერ საწარმოს ოპერირების დროს მთავარი აქცენტი კეთდებოდა მოპოვებული მადნის დიდ რაოდენობაზე, შპს ,,კოალ ოფ ჯორჯიას“ შიდა სამრეწველო პოლიტიკა მთლიანად დაეყრდნო მადნის უსაფრთხო მოპოვების კონცეფციას.
შახტის შრომის უსაფრთხოების სისტემა აღჭურვილია მეთანის კონცენტრაციის გაზომვის როგორც ხელოვნური, ასევე ავტომატური საშუალებებით, რაც საშუალებას იძლევა, რომ ყოველი ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოს დაწყებისას იყოს ცნობილი, თუ რამდენია მეთანის კონცენტრაცია კონკრეტულ სამუშაო ლოკაციაზე და თუ კონცენტრაციის მაჩვენებელი ნორმაშია, მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოს დაწყების ნებართვა შახტის დისპეჩერის მიერ.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მეშახტეების ბრიგადას შრომის უსაფრთხოების ნორმები არ დაურღვევია – ფეთქითი მასალის ნახშირის ფენებში დამონტაჟების წესებიც ზედმიწევნით იყო დაცული, დეტონატორის ელექტრო-სადენიც საჭირო სიგრძის იყო და აფეთქების მომენტშიც უსაფრთხო პოზიციებზე იდგნენ. ეს ყოველივე მიგვანიშნებს იმაზე, რომ აღნიშნული ფაქტის კვლევა უნდა წარიმართოს შემდეგი მიმართულებით: ჰქონდა თუ არა შახტის სადისპეჩეროს ინფორმაცია მეთანის მაღალი კონცენტრაციის შესახებ და თუ ასეთი ინფორმაცია არსებობდა, რატომ, ვის მიერ და ვისი ბრძანებით გაიცა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოს დაწყების ნებართვა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და დარგობრივი პროფკავშირი თვლიან, რომ სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა N1 გამოწვევაა და მიუხედავად იმისა, რიგითი დასაქმებულია შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი თუ კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოკვლეული მომხდარის მიზეზები და დადგინდეს როგორც ბრალეულობა, ასევე ბრალეულობის ხარისხი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ სამუშაო ადგლებზე უბედური შემთხვევების პრევენციას.
შრომის ინსპექციამ ფაქტის კვლევა ოპერატიულად დაიწყო და კვლევის პროცესში პროფკავშირის ადგილობრივი წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას, შესაბამისად, ახალი დეტალების დადგენის შემთხვევაში, საქართველოს პროფკავშირების მიერ საზოგადოების ინფორმირება მყისიერად მოხდება.