Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ტყიბულში კიდევ 4 ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავდა

მინდელის შახტაში აფეთქების შედეგად, დაღუპულია 4 და დაშავებულია 6 ადამიანი.

შსს-ს ცნობით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

“მიმდინარე წლის 16 ივლისს, გამთენიისას, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები, სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა – 1961 წელს დაბადებულმა მ.ლ-მ, 1963 წელს დაბადებულმა მ.გ.-მ, 1988 წელს დაბადებულმა ლ.ფ-მ და 1961 წელს დაბადებულმა ი.ქ-მ, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.

სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს –
1981 წელს დაბადებული მ.ს., 1965 წელს დაბადებული დ.ბ, 1981 წელს დაბადებული გ.მ, 1981 წელს დაბადებული მ.ა, 1995 წელს დაბადებული ნ.ბ და1988 წელს დაბადებული გ.ა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

2018 წელს პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით სამუშაო ადგილებზე საწარმოო ტრავმების შედეგად გარდაიცვალა 29 და მძიმედ დაშავდა 24 ადამიანი. აქედან შახტებში გარდაცვლილია 11, ხოლო მძიმედ დაშავებულია 10 ადამიანი. კარიერებზე გარდაიცვალა 3, მძიმედ დაშავდა 2 ადამიანი.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.