პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს პრეზიდენტი და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, მოლდოვის პროფკავშირების CNSM–ს თავმჯდომარესთან ერთად, ETUC რიგგარეშე აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრაზე მიიწვიეს.
უკრაინაში გაუარესებული საომარი ვითარების გამო, ევროპის პროფკავშირების კონფედერაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ინსტიტუტებს, სხვადასხვა ფრონტზე დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ მოუწოდებს.
ევროპის პრფკავშირების კონფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა ონლაინ ფორმატში, პირველ მარტს ბრიუსელის დროით 16:00-17:30-ზე, ხოლო თბილისის დროით 19:00-20:30-ზე გაიმართება.
„გადავწყვიტეთ მოვიწვიოთ ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე შეხვედრა ონლაინ ფორმატში.
ასევე, მოვიწვიეთ ჩვენი უკრაინელი კოლეგები, რომლებმაც დაგვიდასტურეს დასწრება, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება მათთვის, სამშაბათ დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე.
ასევე, მოვიწვიეთ მონაწილეობისთვის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან რისკის ქვეშ: პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და ვიმედოვნებთ, რომ ისინი მონაწილეობის მიღებას შეძლებენ.
ამ შეხვედრის დროს გვსურს განვიხილოთ პროფკავშირების მთელი რიგი ქმედებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს წევრებთან, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციასთან და პან-ევროპულ რეგიონალურ საბჭოსთან კოორდინირებულად, რათა უზრუნველვყოთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის:
- სამობილიზაციო მოქმედებების გააქტიურება ევროკავშირის და ეროვნულ დონეზე, მათ შორის მობილიზაციის, აქტიურობის დღის განხილვის ჩათვლით;
- ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ეროვნული მთავრობების ლობირება ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის მოთხოვნების მხარდასაჭერად და ზეწოლის შესანარჩუნებლად;
- უკრაინის მოსახლეობისთვის ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევა უკრაინის პროფკავშირების მეშვეობით;
- დახმარება ლტოლვილთათვის ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის საკითხში რეგიონის ქვეყნებში და ევროკავშირის ყველა სხვა ქვეყანაში;
- მხარდაჭერის გაწევა ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის წევრი პროფკავშირებისთვის რეგიონის იმ ქვეყნებში, რომლებიც ყველაზე მეტად არიან რუსული თავდასხმის რისკის ქვეშ“ – ნათქვამია ETUC-ის გენერალური მდივნის, ლუკა ვისენტინის განცხადებაში.
შეხვედრას წინ უძღოდა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ, ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის განცხადება, სადაც კონფედერაცია გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ თავდასხმას, მოითხოვს, სამხედრო ოპერაციების შეწყვეტასა და დიალოგისა და მოლაპარაკებების დაწყებას მშვიდობისათვის. წერილში ვკითხულობთ:
„უკრაინაში, პუტინის მიუღებელი სამხედრო თავდასხმებიდან რამდენიმე დღეში, სიტუაცია მუდმივად უარესდება. ნგრევა ქვეყანაში, ათასობით დაზარალებულ სამხედრო და სამოქალაქო პირებს შორის, ასობით ათასი უკრაინელი დევნილად არის უკრაინის ტერიტორიაზე და კვეთს მეზობელი ქვეყნის საზღვრებს და იმყოფებიან საშიშ და სახიფათო პირობებში.
ევროპის პროფკავშირების კონფედერაცია კიდევ ერთხელ გმობს ამ თავდასხმას. მოითხოვს, სასწრაფოდ შეწყდეს სამხედრო ოპერაციები, რუსეთის ჯარებმა დატოვონ ქვეყანა და დაიწყოს დიალოგი და მოლაპარაკებები მშვიდობისათვის.
ევროპის პროფკავშირების კონფედერაცია მოითხოვს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა ქვეყნებმა:
- გაზარდონ ზეწოლა პუტინზე და მის მთავრობაზე სანქციების ყველა ფორმის საშუალებით, რომელიც განსაკუთრებით მიზნობრივად მიმართული იქნება რუსეთის ხელმძღვანელობისა და ელიტის ინტერესებზე და აქტივებზე და ასევე გავრცელდება ბელორუსზე ( უკრაინაზე სამხედრო აგრესიაში მისი წვლილის გამო);
- დაინერგოს კომპენსაციისა და ალტერნატიული მიწოდების ზომები, რათა შემცირდეს ნეგატიური ზემოქმედება ევროკავშირისა და მეზობელი ქვეყნების მოსახლეობაზე, მათ შორის გაგრძელდეს კოვიდ-19-ის გავრცელების შეჩერებისკენ მიმართული ევროკავშირის მიერ გამოყენებული გადაუდებელი ზომები;
- უკრაინისა და მისი მოსახლეობისათვის დაუყოვნებლივ უზრუნველყონ თავდაცვითი სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა;
- დააფუძნონ ჰუმანიტარული დერეფნები, რათა ლტოლვილებმა დატოვონ ქვეყანა უსაფრთხოდ. ჩამოყალიბდეს მიღებისა და გადაადგილების გეგმები ევროკავშირის ფარგლებში;
- უზრუნველყონ საზღვრებისა და მოსახლეობის უსაფრთხოება და დაცვა.
ევროკავშირსა და იმ მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც ყველაზე მეტად არიან რისკის ქვეშ რუსეთის მიმდინარე და პოტენციური სამხედრო ოპერაციების შედეგად.
ევროპის პროფკავშირების კონფედერაცია მუდმივად არის კომუნიკაციაში კოლეგებთან უკრაინის პროფკავშირებიდან, რათა უზრუნველყოს სოლიდარობა და მხარდაჭერა და წევრებთან კოორდინაციის გზით, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია და პან-ევროპული რეგიონალური საბჭო მზად არიან, რომ :
- ყველა დონეზე გაააქტიურონ მობილიზაციის, აქტიურობის და ლობირების აქტივობები, რათა მხარი დაუჭირონ ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის მოთხოვნებს და აწარმოონ ზეწოლა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ეროვნულ მთავრობებზე;
- უკრაინის პროფკავშირების მეშვეობით უზრუნველყონ ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინის მოსახლეობისათვის;
- დაეხმარონ ჰუმანიტარული დერეფნების შექმნას დევნილებისათვის;
- მხარი დაუჭირონ ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის წევრ პროფკავშირებს რეგიონის იმ ქვეყნებში, რომლებიც ყველაზე მეტად არიან რუსული თავდასხმის რისკის ქვეშ.“ – აღნიშნულია 27 თებერვლის განცხადებაში.