პოლონეთში, ვარშავაში, პან-ევროპული რეგიონული აღმასრულებელი საბჭოს (PERC) ყოველწლიური სხდომა: „ახალი სოციალური ხელშეკრულების რეალიზება პან-ევროპული რეგიონული საბჭოს რეგიონში“ გაიმართა, რომელსაც პან ევროპული პროფკავშირის (PERC) პრეზიდენტი და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე – ირაკლი პეტრიაშვილი გაუძღვა.
ფორუმი აერთიანებს PERC-ის ორგანიზაციებს, პროფკავშირის ლიდერებს და ოფიციალურ პირებს ევროპიდან, რომლებმაც ერთად განიხილეს ევროპის პროფესიული კავშირების მოძრაობების წინაშე არსებული გამოწვევები და შეიმუშავეს ერთობლივი სამომავლო, სამოქმედო გეგმა.
სესიაზე პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ლუკ ტრიანგლიმ მელბურნის კონგრესის დეკლარაციის პრაქტიკაში განხორციელებასა და ოქტომბერში, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის კონგრესის მზადების შესახებ ისაუბრა.
გენერალურმა მდივანმა ესტერ ლინჩმა კი პან-ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) მისია და ევოლუცია: 2007 წლიდან 2023 წლამდე მიმოიხილა. კერძოდ, რა აერთიანებს პროფკავშირებს სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორია სამომავლო სამუშაო გეგმა პან-ევროპული რეგიონული საბჭოს რეგიონში პროფკავშირების განახლებისთვის და როგორ უნდა მოხდეს ერთობლივი მუშაობის კოორდინირება და სხვადასხვა სტრუქტურის მიერ მხარდაჭერა.
გაიმართა ახალი სოციალური კონტრაქტის ამოქმედების შესახებ პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის პრეზენტაცია.
იმსჯელეს საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობაზე და განიხილეს უკრაინაში, ბელარუსში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მიმდინარე საკითხები.
სესიის მონაწილეებმა მიმოიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები და უფლებადაცვითი მექანიზმები, როგორიც არის: გაფიცვის უფლება, ტრანსნაციონალური ექსპლუატაცია, შრომის დაცვა, უთანასწორობა და ინკლუზიურობა გენდერულ ჭრილსა და მოწყვლად ჯგუფებში. იმსჯელეს 190-ე კონვენციის რატიფიცირების აუცილებლობაზე.