შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით დღეს, საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის ინიციატივით აქცია გაიმართება.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქციის ჩატარება ბოლო დროს გამართული აქციების რაოდენობამ გადააწყვეტინათ. ისინი ითხოვენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტიანად განახორციელოს კანონით დაკისრებული ვალდებულება მედიაციის თაობაზე და უზრუნველყოს პროცესის ეფექტურად და სამართლიანად წარმართვა. ასევე, მთავრობამ და საკანონმდებლო ორგანომ არსებითად გადახედოს პოლიტიკას შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით და შეიმუშაოს მათი დაცვის მაღალი სტანდარტები და ეფექტური მექანიზმები.
“გაფიცვების მასშტაბურობა, ინტენსივობა და დასაქმებულთა იდენტური მოთხოვნები ცხადად აჩვენებს სახელმწიფოს მხრიდან მისი შრომითი პოლიტიკის არსებითად გადახედვის, ეფექტური და დროული საკანონმდებლო ცვლილების გატარების, მათ შორის, შესაბამის საერთაშორისო ინსტრუმენტებთან მიმართების საჭიროებას”, – აცხადებენ ააქციის ორგანიზატორები. აქცია 15:00 საათზე გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები არიან: მეტალურგთა და საჯარო მოიხელეთა პროფკავშირები, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”, “სამართლიანი არჩევნები”, “კონსტიტუციის 42–ე მუხლი”, “ადამიანის უფლებათა ცენტრი” და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფები.