Search
Close this search box.
Search
Close this search box.

გაზეთი "ვერსია" – ამერიკელები საქართველოს ხელისუფლებას შრომის ინსპექციის შექმნისკენ მოუწოდებენ

სამი დღის განმავლობაში, საქართველოში სტუმრად იმყოფებოდნენ შრომის ამერიკული ფედერაციისსამრეწველო პროფკავშირების კონგრესის სოლიდარობის ცენტრის ხელმძღვანელობა და ამერიკის ხელისუფლების მაღალი წარმომადგენლები. სოლიდარობის ცენტრს წარმოადგენდნენ: ცენტრის დირექტორი შონა ბადერ-ბლაუ, ცენტრის რეგიონული დირექტორი, რუდი პორტერი და ცენტრის თბილისის ოფისის დირექტორი სტანისლავ ჩენიუხი. შეხვედრა პროფესიული კავშირების გაერთიანების გამგეობასთანაც გაიმართა, გაერთიანების ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობასთანაც და ქალთა კომიტეტთანაც.   

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ, გამორჩეულად საპატიო სტუმარი, აშშ-ს შრომის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მარკ მითელჰაუზერი და აშშ-ს შრომის დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელი სტივ მარლერი. ამერიკის დელეგაცია შეეცადა, დაერწმუნებინა საქართველოს ხელისუფლება, რომ ქვეყანაში, აუცილებელია შრომის სახელმწიფო ინსპექციის შექმნა. ამერიკელი სტუმრების ქართული ვოიაჟის გადამწყვეტი შეხვედრა თბილისში, გლდანის მეტროპოლიტენში გაიმართა, სადაც მოეწყო, ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის “მშრომელთა ორგანიზაციების გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში’‘ პრეზენტაცია. მას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ღონისძიების ერთ-ერთმა მასპინძელმა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ჯაფარიძემ სტუმრებს გლდანის დეპო დაათვალიერებინა და იქ მიმდინარე სამუშაო პროცესი გააცნო. უცხოელი დიპლომატები ადგილზე გაეცნენ მატარებლების შეკეთების პროცესს, სიახლეებს და შრომით პირობებს.

პრეზენტაციის მონაწილეებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ჯაფარიძემ და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა მიმართეს. პროექტს ამერიკის მთავრობა დააფინანსებს და აშშ-ს შრომის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად განახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 700 000 დოლარია. პროექტის ფარგლებში მოხდება პროფესიული კავშირების გაერთიანების დახმარება და მისი წევრი დარგობრივი პროფკავშირების უნარების განვითარება დამსაქმებლებთან ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, მთავრობასთან სოციალური დიალოგის უკეთ წარმოებისათვის, რათა ერთის მხრივ, მშრომელთა უფლებები იყოს უკეთ დაცული, მეორე მხრივ კი, ქვეყანასა და კომპანიებში მიღწეული იყოს სოლიდარობა. ასევე დაგეგმილია ტრენინგები კოლექტიური მოლაპარაკებების გამართვის, შრომის უსაფრთხოების დაცვის მშრომელთა უფლება- მოვალეობების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. პროექტი ასევე ითვალისწინებს მშრომელთა იურიდიულ დახმარებას, მათ წარმომადგენლობას სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში, შრომითი უსაფრთხოებისა და სამართლებრივ საკითხებში ეფექტური მხარდაჭერის აღმოჩენას. პროექტი სამი წლის განმავლობაში განხორციელდება.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა გლდანის დეპოში მიწვეულ სტუმრებსა და ჟურნალისტებს გააცნო სტუმრები და იმედი გამოთქვა, რომ ეს შეხვედრა განამტკიცებს ქართულ- ამერიკულ პროფკავშირულ თანამშრომლობას მშრომელთა სოციალური, მატერიალური და შრომითი უფლებების წარმატებულად დასაცავად. მისივე თქმით, იგი ამაყია, რომ შეხვედრა მეტროპოლიტენში – სამუშაო ადგილზე (სადაც ჩვეულებრივი დასაქმებულები მუშაობენ) გაიმართა და არა ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, რადგან პროფკავშირები მსოფლიოში სწორედ რიგით დასაქმებულებზე დგას. ამერიკის სოლიდარობის ცენტრის დირექტორმა, შონა ბადერ- ბლაუმ აღნიშნა, რომ პროფკავშირული მოღვაწეობა მისთვის ტრადიციაა. მამამისი დიდი ხნის განმავლობაში იყო ამერიკის პედაგოგთა პროფკავშირის თავმჯდომარე. მან ქართველ პროფკავშირელებს აღუთქვა სოლიდარობის ცენტრის მხრიდან სრული მხარდაჭერა და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი შეხვედრები საქართველოსა და ამერიკის პროფკავშირებს უფრო დააახლოებს.

მარკ მითელჰაუზერმა და რუდი პორტერმა აღნიშნეს, რომ მათთვის ცნობილია, რა რთულ ვითარებაში უწევდა და მეტ წილად დღესაც უწევს მუშაობა ქართულ პროფკავშირებს. რუდი ფოსტერის თქმით: ,,საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წელს განხორციელებული ცვლილებები, მათი გულისხმიერი შესრულების შემთხვევაშიც კი საჭირო ცვლილებების მესამედიც კი არ არის. სოლიდარობის ცენტრი მხარს დაუჭერს ქართული პროფკავშირების კეთილშობილურ ძალისხმევას, რომ მშრომელთათვის აუცილებელი ცვლილებები შრომის კოდექსში სრული 100%-თ განხორციელდეს. აშშ-ს შრომის დეპარტამენტი იწყებს ახალ პროექტს საქართველოში, რომელიც მიმართული იქნება შრომის ცივილიზებული სტანდარტების, მშრომელთა უფლებების დაცვის დამკვიდრებაზე“. სოლიდარობის თბილისის ოფისის დირექტორმა, სტანისლავ ჩენიუხმა განაცხადა, რომ საქართველოში ერთწლიანი მუშაობის შედეგად ის თითქმის გაქართველდა. მისი მუშაობა და თავად სოლიდარობის ცენტრის დირექტორატის ვიზიტიც ემსახურება საქართველოს მშრომელთა და მათი პროფკავშირების საქმიანობის განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობას.

საქართველოს პროფკავშირების გარდა, ამერიკის პროფკავშირები და ევროპის პროფკავშირების გაერთიანებები საქართველოს ხელისუფლებას დიდი ხანია შრომის ინსპექციის შექმნისაკენ მოუწოდებენ, თუმცა ეს პროცესი რატომღაც დროში იწელება და საშველი არადა არ დაადგა. ამის პარალელურად, მაღაროებში, შახტებსა თუ მშენებლობებზე სამუშაო პირობები კვლავინდებურად დიდი საფრთხის შემცველია და სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა გარდაცვალების შემთხვევები ქვეყანაში წლიდან წლამდე იმატებს. ამ პრობლემის შესახებ, ამერიკელმა სტუმრებმაც ისაუბრეს, რომლებიც იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება (განსაკუთრებით კი ეკონომიკის სამინისტრო) არ გაიმეორებს წინამორბედის შეცდომებს, შექმნის სრულფასოვან შრომის ინსპექციას და არ დააკნინებს ამ ინსტიტუციის მნიშვნელობას. ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ შრომის ინსპექცია ჰაერივით სჭირდება ჩვენს ეკონომიკას და სიამოვნებით მოისმენს ყველაზე რადიკალი ნეოლიბერტარიანელის არგუმენტირებულ წინააღმდეგობას შრომის ინსპექციის შექმნასთან დაკავშირებით. პეტრიაშვილი იმასაც ამბობს, რომ თუ საწინააღმდეგო არგუმენტი ვინმეს ექნება, პროფკავშირები პოზიციას შეიცვლის. რაც შეეხება შრომის ინსპექციის შექმნის შემთხვევაში კორუფციის ზრდის საშიშროებას, პეტრიაშვილი აცხადებს: ,,ამ შემთხვევაში არაპატიოსანი მეწარმე შეეკვრება არაპატიოსან ინსპექტორს. საქართველოს პროფკავშირები ვამბობთ, რომ რაც უნდა ავტორიტეტული იყოს უწყება, კონტროლი არ უნდა იყოს ცალმხრივი, ის უნდა განახორციელოს სამმხრივმა კომისიამ _ მეწარმეებმა, პროფკავშირებმა და მთავრობამ ერთად უნდა გააკონტროლონ ამ უწყების საქმიანობა’‘.

შრომის კოდექსის შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით მთავრობამ ევროკავშირთან მიმართებაში შრომის ინსპექციის შექმნის ვალდებულება აიღო, თუმცა ეს პროცესი ბოლომდე დღემდე არაა მიყვანილი. ამასთან, პროფკავშირებში ხედავენ საშიშროებას, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილი შრომის ინსპექცია ფუნქციონალურად ძალიან სუსტი იქნება და იგი ვერ უზრუნველყოფს დასაქმებულთა შრომითი უფლებების სათანადო დაცვას. დისკუსიები ამ საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს. დასაქმებულთა უფლებები კი, სამწუხაროდ, კვლავ დაუცველია.

ლევან სეფისკვერაძე

axali versia 6 marti

versia

წყარო: http://versia.ge/index.php/2013-07-31-11-22-32/item/2186-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A3%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9C

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.