როგორც ალექსანდრია აცხადებს, მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ საჯარო სექტორში გაზარდა მინიმალური ხელფასის ოდენობა, თანაც რამდენჯერმე, კერძო სექტორში დასაქმებულთათვის კი არაფერი შეუცვლია.
არანაირი ღირებულება ამ ზღვარს არ გააჩნია“, – დასძინა ალექსანდრიამ, თუმცა, მისივე თქმით, დღესაც არსებობს ისეთი საჯარო ორგანიზაციები, ძირითადად, საგანმანთლებლო და სამედიცინო სფეროში, სადაც ხელფასის ოდენობა, ყოველთვიურად, 60 ლარს არ აღემატება.
„პრობლემა მარტო ის კი არ არის, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია, განსაკუთრებით კერძო სექტორში, პრობლემაა ის, რომ არ არსებობს სტანდარტი, რაც განსაზღვრავს მინიმალური ხელფასისი ოდენობას“, – აცხადებს პროფკავშირების წარმომადგენელი. მისი თქმით, აუცილებელია მინიმალური ხელფასის ზღვარი საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ეტაპობრივად გაიზარდოს და მისი ოდენობა განისაზღვროს არა უმცირეს საარსებო მინიმუმისა. როგორც ალექსანდრია აღნიშნავს, საარსებო მინიმუმი არის ერთ–ერთი პარამეტრი, რის მიხედვითაც შეიძლება დადგინდეს მინიმალური ხელფასი.
რატომ არ განსაზღვრავენ მინიმალურ ხელფასს საერთაშორისო სტანდარტებით და როგორ უნდა დადგინდეს მისი ზღვარი საქართველოში, ამის გასარკვევად „კომერსანტი“ ეკონომიკის ექსპერტს, სოსო არჩვაძეს დაუკავშირდა. არჩვაძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს საათობრივი მინიმალური ხელფასის განსაზღვრისა და დადგენის ეკონომიკური პოტენციალი არ აქვს.
როგორც ექსპერტი განმარტავს, მინიმალური ხელფასის ზღვარის დაწესების შემთხვევაში შემცირდება სამუშაო ადგილები და კიდევ უფრო გაიზრდება უმუშევართა რიცხვი. „მინიმალური ხელფასის საკითხი ხელისუფლების კეთილ ნებაზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ქვეყნის განვითარების დონეზე, რაც, თავისთავად, მოქალაქეების კეთილდღეობასაც გულისხმობს“, – განაცხადა მან.
არჩვაძის აზრით, სახელმწიფო ამ შემთხვევაში „ორ ცეცხლს შუაა“, რადგან საქართველოსთვის დღეს მინიმალური ხელფასის ზღვარის განსაზღვრა ეკონომიკურად გაუმართლებელია, მეორეს მხრივ, კი სამართლიანობა მოითხოვს ასეთი ცნება არსებობდეს,. „თუმცა, კანონს რეალურად მაშინ აქვს ძალა, თუ ის განხორციელებადია, რომც დავაწესოთ ასეთი ზღვარი, რეალურად ის მართლაც მინიმალურ დონეზე გაკეთდება, საათში 1 ლარზე ნაკლები იქნება ანაზღაურება, ამიტომ, ამ ეტაპზე, ჯობია თავი შევიკავოთ“, – აღნიშნა არჩვაძემ.
მისივე ცნობით, დღეისთვის მინიმალური ხელფასის ცნება მხოლოდ საჯაროს სექტორში მოქმედებს, ისიც ადმინისტრაციული სახდელების განსაზღვრის დროს და მას ეკონომიკური დატვირთვა არ აქვს.
ის რომ, საქართველო ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნად ჩაითვალოს და მზად იყოს მინიმალური ხელფასის ზღვარის დასადგენად, როგორც არჩვაძე აცხადებს, დასაქმებულთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. „საქართველოში ბოლო პერიოდში ხელფასები გაიზარდა, მაგრამ არ გავზარდეთ დასაქმებულთა რიცხვი, რამაც ვითარება უფრო გაამწვავა, მიუხედავად იმისა, რომ ხელფასმა ეკონომიკური ფუნქცია დაიბრუნა“, – თქვა მან.
ექსპერტის ცნობით, ევროპაში ხელფასის თანაფარდობა მშპ–სთან 39%–ია, ხოლო საქართველოში 23%;
მინიმალური ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით, კონსალტინგურმა ჯგუფმა „კონვერგექსი“ სპეციალური კვლევა გამოაქვეყნა, სადაც მოყვანილია 2013 წლის მონაცემები. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ანაზღაურება ავსტრალიაშია და ის საათში 16,88 დოლარს, დაახლოებით, 27,8 ლარს შეადგენს. სიის მეორე ადგილზეა საფრანგეთი -12,09 დოლარი საათში, ანუ დახლოებით 21,2 ლარი, მესამეზე კი ახალი ზელანდია – 11,18 დოლარით, ეს დახლოებით 18,4 ლარია. მინიმალური ხელფასით განვითარებად ქვეყნებში რუსეთი ჩამორჩება ბრაზილიას, თუმცა ჯობნის ჩინეთს და სამჯერ აღემატება ინდოეთს. რუსეთში საათობრივი მინიმალური ხელფასი 97 ცენტს, ანუ დაახლოებით 1,6 ლარს შეადგენს. აღნიშნულ რეიტინგში საქართველო არ მოხვდა.
commersant.ge