ირაკლი პეტრიაშვილი: “პირადად მე არასოდეს ვიყიდი PSP-ს პროდუქციას!”
საქართველოს პროფკავშირის ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ახალ შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები ნამდვილად არ გახლავთ ის, რისი იმედიც დასაქმებულ ადამიანებს ჰქონდათ. პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ შრომის კოდექსის პროექტსა და საბოლოოდ დამტკიცებულ ვერსიას შორის ფუნდამენტალური განსხვავებაა. ამ მდგომაროებამ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს მიაღებინა გადაწყვეტილება, რომ 12 ივნისს გამართულ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მონაწილეობა აღარ მიეღო და პროფკავშირელების სახელით, საკუთარი მწვავე პროტესტი ამ გზითაც დაეფიქსირებინა.
პროფკავშირის წარმომადგენელებმა პარლამენტის კომიტეტის სხდომებში მონაწილეობის მიღება პირველ რიგში იმიტომ შეწყვიტეს, რომ შრომის კოდექსთან დაკავშირებით მთავრობას, პარლამენტსა და ბიზნესმენებს შორის კულუარული ვაჭრობა დაიწყო. მათი არაოფიციალური შეხვედრების დროს დასაქმებულთა მხარე არ იყო წარმოდგენილი. დასაქმებულთა ორგანიზაციას (გარდა საკომიტეტო მოსმენებისა) არ მისცემია საშუალება, რომ დასწრებოდა მათ დიალოგს, მოესმინა სხვისი და წარმოედგინა საკუთარი არგუმენტები.
ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე: “სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებს, რომ აღნიშნული შრომის კოდექსი ნამდვილად არ დაგვაახლოვებს ევროპას, რადგან კოდექსში დატოვებულია ისეთი სიმახინჯეები, როგორიც არის პროფკავშირის და დასაქმებულთა დისკიმინაცია, ასოციაციის თავისუფლების შეზღუდვა, ნების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და სხვა… შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონტექსტში წინა შრომის კოდექსში არსებული პრობლემების ნაწილი აღმოფხვრილია, მაგრამ ევროდირექტივებთან და ევროპის სოციალურ ქარტიასთან დაკავშირებით, მრავალი პრობლემა კვლავ არსებობს.
როდესაც მოქალაქეების ერთ ნაწილს აქვს 40 საათიანი სამუშაო კვირა, ხოლო მეორე ნაწილს ეუბნებიან, რომ: “თქვენ სპეციალური რეჟიმის ქვეშ უნდა იმუშაოთ და თქვენ 48 საათიანი სამუშაო კვირა უნდა გქონდეთო“ – ძალიან მიჭირს იმის გამოცნობა, თუ რას უპასუხებენ ამ კითხვების დამსმელს მოქალაქეები. იმედია იმას მაინც არ ეტყვიან, რომ მათ პროფესიის არჩევა შეეშალათ.
ახლა, როდესაც ასეთი ნაკლოვანი შრომის კოდექსი მიიღეს, ყველაზე ნათლად გამოჩნდება საქართველოში ადამიანები რამდენად სოლიდარულები არიან ერთმანეთის მიმართ. მე პროტესტს ვაცხადებ კომპანია “პეესპეს“ მომსახურებაზე და პირადად მე არასოდეს ვიყიდი ამ კომპანიის პროდუქციას, რადგან, ბატონმა ოქრიაშვილმა დიდი წვლილი დაიდო ამ დისკრიმინაციული შრომის კოდექსის ასე შეცვლაში და დამახინჯებაში“.
ახლა, როდესაც ყველაფერი ცხადი გახდა და დასაქმებული ადამიანების სურვილების დიდი ნაწილი არ გაითვალისწინეს, საგაფიცვო სივრცე გახსნილია და საქართველოს პროფკავშირების გაერთაინებაში აცხადებენ, რომ ამიერიდან ისინი ყოველთვის შეუერთდებიან საგაფიცვო მოძრაობას და კონკრეტულ შემთხვევაში გაფიცვის ორგანიზატორების შეიძლება იყვნე