Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მინიმალური ხელფასი – ევროპა და საქართველო

ევროპის კავშირთან ასოცირების რატიფიცირებამ  აქტუალური გახადა ევროპული სტანდარტების მიმართ  საზოგადოების ინტერესი. ამ მხრივ საყურადღებოა მინიმალური ხელფასი  ევროპის ქვეყნებში. ეს საკითხი ევროპაში სულ უფრო მეტად აქტუალური ხდებადა მიმართულია ევროპაში მინიმალური ხელფასის ერთიანი გარანტირებული ნორმის მიღებისკენ.

2015 წლის მდგომარეობით ევროპის კავშირის 28 წევრი ქვეყნიდან 22 ქვეყანაში უკვე დადგენილია მინიმალური ხელფასის  ეროვნული ნორმა. ეს ქვეყნებია: სლოვენია, სლოვაკეთი, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრ. ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, რუმინეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, ლუქსემბურგი, მალტა, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უნგრეთი, ირლანდია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ხორვატია, ბელგია, ბულგარეთი, ესპანეთი, გერმანია.

მინიმალური ხელფასის ნორმა სხვადასხვა ქვეყანაში მკვეთრად განსხვავებულია. მინიმალური ყოველთვიული ხელფასი ლუქსემბურგში არის 1874 ევრო, ბელგიაში 1502 ევრო, ნიდერლანდებში 1469 ევრო, ირლანდიაში 1462 ევრო, საფრანგეთში 1430 ევრო, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში 1403 ევროს ეკვივალენტი. ევროპის კავშირში ყველაზე მცირე მინიმალური ხელფასის ნორმა რუმინეთშია და იგი 157 ევროს შეადგენს. მინიმალური ხელფასის შესახებ საუბრისას გასათვალისწინებელია  კონკრეტულ ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივები, ფასები, მოქალაქეთა მსყიდველობითი უნარი, მოთხოვნილებები და ცხოვრების ტრადიციული წესი.

ევროპის კავშირში არის ექვსი სახელმწიფო, სადაც ჯერ კიდევ არ არის დადგენილი ყოველთვიური მინიმალური ხელფასი. ეს ქვეყნებია: შვედეთი,  სადაც მოქმედებს სოციალური ოქმი, რომელშიც განზოგადებულად დადგენილია ძირითადი სოციალური დებულებები, დანია, ფინეთი, ავსტრია, იტალია  და კვიპროსის რესპუბლიკა, რომლის ეკონომიკის ზოგიერთ სექტორში უკვე მოქმედებს მინიმალური ხელფასის ნორმა.

შვედეთში, დანიაში, ფინეთში, ავსტრიასა და იტალიაში ხელფასის მოცულობა დგინდება სოციალურ პარტნიორებს შორის კოლექტიური მოლაპარაკებების შედეგად. ძირითადად  ეს შეთანხმებები ეხება მთელ დარგებს და მასში ზუსტად ფიქსირდება დარგში მინიმალური ხელფასის ყოველთვიური ნორმა.

ევროპაში მინიმალური ხელფასის ნორმის კანონით დადგენის მიმართ არსებობს განსხვავებული მიდგომაც არსებობს. ლიბერტანიანიზმის ევროპელიი მიმდევრებისთვის მინიმალური ხელფასის ნორმის კანონით დადგენა კატეგორიულად მიუღებელია და ხელფასის ნორმის დადგენას მხოლოდ დამსაქმებლის უფლებამოსილებად მიიჩნევენ. ევროპელი ლიბერტანიელებისთვის  უმნიშვნელოა ის, რომ მინიმალური ხელფასის ნორმის კანონით დაუდგენლობის  შემთხვევაში ე.წ არარენტაბელური მუშაკები ავტომატურად ავსებენ უმუშევართა რიგებს და ღატაკდებიან. მსოფლიოს ეკონომიკური ისტორია ნათლად ადასტურებს, რომ კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასი ეხმარება ადამიანებს არ აღმოჩნდნენ სიღატაკეში, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მათთვის სხვადასხვა მიზეზების გამო არ მოქმედებს დარგობრივი კოლექტიური შეთანხმებების ნორმები და ისინი მათგან დამოუკიდებელი ვითარების გამო შეიძლება მთელი სიცოცხლე იყვნენ ღარიბი დასაქმებულები.

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დასაქმებულები კოლექტიური ხელშეკრულებებით სხვადასხვა მოცულობით არიან მოცულნი. კოლექტიური ხელშეკრულებებით საფრანგეთიში მოცულია დასაქმებულთა 90%, შვედეთში 80%, ნორვეგიაში 75%, გერმანიაში 70%, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში კი დასაქმებულთა მხოლოდ 30%.

საქართველოშიც მინიმალური ხელფასი დადგენილია ედუარდ შევარდნაძის რეჟიმის მიერ და იგი 20 ლარს შეადგენს. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა საჯარო სამსახურში მინიმალური ხელფასი 115 ლარით განსაზღვრა. 2015 წელია და  საქართველოს მთავრობის მხრიდან საერთოდ ჩამიჩუმიც კი არ ისმის მინიმალურ ხელფასის საკითხის გადაწყვეტაზე.

ევროპის კავშირის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს – ევროკავშირის კომისიის პოზიციაა, რომ გარანტირებული მინიმალური ხელფასი  ხელს უწყობს ღარიბი დასაქმებულების რიცხვის შემცირებას, ზრდის შრომის სტიმულს და დასაქმებულთა მსყიდველობით უნარს, სტიმულს აძლევს დამატებითი ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნას. ევროპის კონსტიტუცია არ აძლევს ევროკავშირის კომისიას უფლებამოსილებას დირექტიული წესით  მოსთხოვოს ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებს, რათა ყველა მათგანმა კანონით დადგინოს გარანტირებული მინიმალური ხელფასი. ეხლახანს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ – ფაქტობრივად ევროპის ეკონომიკური ლოკომოტივის მხრიდან გარანტირებული მინიმალური ხელფასის ნორმად დადგენა იძლევა იმედს, რომ ეს გადამდები გახდება ყველა დანარჩენი ევროპული ქვეყნისათვის.

2015 წელია და დროა საქართველოშიც  მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმთან დაახლოვდეს, რადგან თუ  ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპის კავშირთან ასოცირებისკენ არის მიმართული ეს საკითხი სრული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპის შესაბამისად უნდა მოგვარდეს. მინიმალური ხელფასის საკითხი ის საკითხია, რომლის გადაწყვეტისას საქართველოს მთავრობას აქვს კარგი შესაძლებლობა აჩვენოს ევროპას  მისი ჭეშმარიტი მიდგომა სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობისადმი – ევროპის კავშირის ამ ფუნდამენტური პრინციპებისადმი. მინიმალური ხელფასი ქვეყანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანაა და მისი გადაწყვეტა სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა ხალხის წინაშე.

დავით არაბიძე

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.