პირველ მაისს, მშრომელთა სოლიდარობის საერთშორისო დღეს, თბილისში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თაოსნიობით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ტრადიციული აქცია გაიმართა. მთავარი მოთხოვნები იყო მშრომელთა უფლებების დაცვა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.
პროფესიული კავშირები საქართველოში დიდი ხანია ითხოვენ შრომის ინსპექციის აღდგენას და უსაფრთხო შრომით გარემოს შექმნას. პროფკავშირების მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, 2007 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში სამუშაო ადგილზე დაიღუპა 314, ხოლო მძიმედ დაშავდა 562 ადამიანი. განსაკუთრებით მძიმე პირობებია ენერგეტიკის, სამთო მოპოვების, მეტალურგიის, რკინიგზის, მშენებლობის და ტრანსპორტის სფეროებში.
ვარდების მოედანზე შეკრება, მსვლელობა პარლამენტისკენ და საპროტესტო აქციის გამართვა, დასასრულს – მანიფესტის მიღება, რომელიც საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს გადაეგზავნება – 1 მაისს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებმა ასე აღნიშეს. მანიფესტაციას სხვადასხვა სტუდენტური მოძრაობის წევრები შეუერთდნენ.
პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა აქციაზე გამოსვლის დროს აქცენტი იმ პრობლემებზე გააკეთაქ, რომლის წინაშეც საქართველო დიდი ხანია დგას.
“ეს არის ხარვეზები საკანონმდებლო სივრცეში, რომელიც შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით მრავლად გვაქვს. საუბარია პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციაზე, დევნაზე, ადამიანის თავისუფალი ნების, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე. კონკრეტული საწარმოები არსებობს, სადაც დასაქმებულ ჩვენს აქტივისტებს სხვადასხვა უწყების თანამშორმლები დასდევენ, აშანტაჟებენ. ასეთი ორგანიზაციაა საქართველოს ფოსტა, საქართველოს რკინიგზა, RMG გოლდი და სხვა მრავალი. დისკრიმინაცია გამოიხატება იმაში, რომ ადამიანებს ოჯახებში, სახლებშიც კი აკითხავენ და აშანტაჟებენ, რომ თუ პროფკავშირებს არ დატოვებენ – გაათავისუფლებენ. დასაქმებულების გაფიცვის შედეგად შეთანხმებებს ვაღწევდით, ჩვენ ამ შეთანხმებებით ნკისრი ვალდებულებების შესრულებას მოვითხოვთ, ისინი კი შეთანხმებას შანტაჟით პასუხობენ”, – აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.
პეტრიაშვილის თქმით, დასაქმებულებთან ერთად პრობლემები აქვთ შრომის მაძიებელ ადამიანებსაც. ვაკანსიები დისკრიმინაციულია და გაუმჭვირვალე. მოუხედავად იმისა, ითხოვს თუ არა სამუშაოს სპეციფიკა ამას, ყველა დამსაქმებელს უნდა 25 წლამდე თანამშრომელი.
პრობლემებია სტაჟირების კუთხითაც. პროფკავშირების ხელმძღვანელის თქმით, ახლაგაზრდებისა და ქალთა უფლებების შესახებ ქართული კანონმდებლობა თითქმის არაფერს ამბობს – სტაჟირების სისტემა დასაქმებულის უხელფასოდ – იძულებით შრომას გულისხმობს, ქალების ანაზღაურება კაცების ანაზღაურებაზე ბევრად ნაკლებია.
“საკანონმდებლო სივრცეში ახალგაზრდებს ფაქტობრივად უფლებები არ აქვთ. იგივე მდგომარეობაა ქალებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი სრიცხვილია ის, რომ 21 საუკუნეში თითქმის არაფრის მთქმელია კანონმდებლობა ქალთა უფლებებთან მიმართებაში. ბავშვის გაჩენა საქართველოში დღესაც დანაშაული გახლავთ; დედებს არ აქვთ ბავშის მოვლასთან დაკავშირებით გარკვეული შეღავათები, რასაც კანონმდებლობა უნდა აძლევდეს; ქალთა ხელფასები 40%-ით ნაკლებია კაცების ხელფასებზე. მე მგონი ნათელია ეს რამხელა პრობლემაა”, – ამბობს პეტრიაშვილი.
პროფკავშირების წარმომადგენლები და დასაქმებულები უკვე მრავალი წელია შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ადეკვატურ ანაზღაურებას ითხოვენ. საქართველოს სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე, თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ აუცილებელია სახელმწიფომ შრომით საკითხებში რეგულაციები შეიმუშაოს. მისი თქმით, პრობლემის მოუგვარებლობას და მშრომელთა უფლებების დღევანდელ ყოფას დეპუტატების ბიზნესინტერესები განაპირობებს.
“სამწუხაროდ, ეს დეპუტატები ძირითადად თავმოყრილნი არიან მმართველ კოალიციაში. მე მინდა გითხრათ, რომ სანამ ისინი იქ არიან, თავისთავად საკუთარ ბიზნესებს გაუწევენ ლობირებას, მოიშველიებენ ყველას სავაჭრო პალატიდან დაწყებული… სავალუტო ფონდებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ამტკიცებენ იმას, რომ თუ შრომით უსაფრთხოების საკითხებში რეგულაციები გვექნება, ეს ბიზნესს დააფრთხობს. ეს არის თაღლითობა, აფერისტობა და მეტი არაფერი. არც ერთი ბიზნესმენი ამბობს იმას, მომეცით რამე ობიექტი, გამამარჯვებინეთ ტენდერში და მე იქ მუშები უნდა დავხოცოო. მათ საქართველო აინტერესებთ დაბალი ხელფასების გამო,” – აცხადებს თამაზ დოლაბერიძე.
პროფკავშირებისათვის პირველი მასი გამორჩეული დღეა და სასიხარულოა, რომ ამ დღის აღსანიშავად წლიდან–წლამდე უფრო და უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი გამოდის ქუჩაში. წელს გრანდიოზულ აქციაში 5 ათასზე მეტმა პროფკავშირელმა მიიღო მონაწილეობა.ბრძოლა გრძელდება!
საქართველოს პროფკავშირების საპირველმაისო აქციის ფოტოკოლაჟი ჩვენს “ფეისბუქის” გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე: https://www.facebook.com/media/set/?set=a.10153001559378073.1073742088.244280163072&type=1