უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება უკრაინელ ხალხს თანადგომას უცხადებს. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მსხვერპლის გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს. ასევე მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და პროფკავშირის წევრებს, რომლებიც მთელი ამ პროცესის განმავლობაში ღირსეულად მოქმედებდნენ და უკრაინის ევროინტერგრაციის მნიშვნელობის შესახებ მოქალაქეთა აქტიურ ინფორმირებას ეწეოდნენ.
პროფკავშირებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ სოციალური სამართლიანობის და შრომის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა მხოლოდ კორუფციისგან თავისუფალი, მყარი და დემოკრატიულ სახელმწიფო ინსტიტუტების პირობებშია შესაძლებელი.
წუხანდელი სისხლიანი მოვლენების შედეგად, უკრაინის პროფკავშირების სახლი, რომელიც კიევის ცენტრში მდებარეობს, მთლიანად განადგურებულია. ამ დრომდე არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია არიან თუ არა დაშავებულებს შორის პროფკავშირების წარმომადგენლები. იმედს გამოვთქვამთ, რომ უკრაინის ხელისუფლება ძალადობაზე უარს იტყვის და მოლაპარაკების გზით შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს იპოვის.