Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ტირანია პროფკავშირების წინააღმდეგ

საქართველოს მშრომელთა ცხოვრება სოციალური უსამართლობითა და მატერიალური შეჭირვებით არი სავსე. სიღარიბე და სიღატაკე მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ყოფის ნორმად არის ქცეული. მშრომელი ადამიანი „ამა სოფლის ძლიერთაგან“  მხოლოდ აბსტრაქტულ-დემაგოგიური დაპირებები ისმენს მომავალ კეთილდღეობაზე. ასეთი დღევანდელობა გუშინდელმა დღემ განპირობა. დღეს უკვე მყარად სტრუქტურირებულ სიღარიბე-სიღატაკეს დასაბამი მისცა იმ ანტისამართლებრივმა აქტებმა, რომლებმაც პირდაპირ ძირი გამოუთხარეს პროფკავშირულ მოძრაობას ქვეყანაში.

საქართველოში1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ სახელმწიფო-პოლიტიკური ძალაუფლების უზურპაცია ჯერ ე.წ. სამხედრო საბჭოს, შემდეგ ე.წ. სახელმწიფო საბჭოს ხელში მოხდა. ტირანიის ამ ორგანოებმა ბევრ სხვა სახელმწიფო დანაშაულთან ერთად ჩაიდინეს მთელი რიგი ანტისოციალური ქმედებები, რითაც დამანგრეველი დარტყმა მიაყენეს პროფკავშირებს, როგორც მშრომელთა უფლებების დაცვისა და კანონიერი ინტერესების წარმომადგენლობას. 1992 წლის 17 თებერვალს ე.წ. სამხედრო საბჭომ გამოსცა #07/138 დადგენილება, რომლითაც საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და  კანონიერების ელემენტარული ნორმების სრული უგულვებელყოფით გაუქმებულად გამოაცხადა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 1991 წლის 22 ნოემბრის ბრძანებულება “საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში პროფესიული კავშირების უფლებების უზრუნველყოფის შესახებ“. ე.წ. სამხედრო საბჭოს ამ ანტისამართლებრივი აქტის შედეგად საქართველოს მშრომელებმა დაკარგეს სოციალური, შრომითი, მატერიალური და პროფესიული უფლებებისა და ინტერესების პროფკავშირების საშუალებით დაცვის შესაძლებლობა, ამ დადგენილებამ პროფკავშირული მოძრაობა ქვეყნის საზოგადოებრივი და ეკონომიკური ცხოვრების აუტცაიდერად აქცია.

ე.წ. სამხედრო საბჭომ, ე.წ.დროებითი მთავრობამ და ე.წ. სახელმწიფო საბჭომ მიიღეს ანტიკონსტიტუციურ სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის დეკრეტები და ნორმატიულ აქტებს ისე რომ არავითარ კონსულტაცია არ გამართეს მშრომელებთან და მათ წარმომადგენელ პროფკავშირებთან. ე.წ. სახელმწიფო საბჭომ პრივატიზაციის თაობაზე ე.წ. დეკრეტის მიღების წინ, მშრომელთა და მათი ინტერესების გამომხატველი პროფკავშირების ბლოკირების მიზნით 1992 წლის ივლის-აგვისტოში საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსიდან, პროფკავშირებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე ამოიღო კოდექსის ის მუხლები და პუნქტები, რომელნიც იცავდნენ მშრომელთა მატერიალური ინტერესებს, მათი დასაქმების წარმოება-დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში. ტირანიას არ სურდა შრომითი კოლექტივების საბჭოების, პროფკავშირების პირველადი ორგანიზაციებისა და პროფკომიტეტების თანამონაწილეობა პრივატიზაციის პროცესში. ტირანია უფრთხოდა რომ იმ პირობებში როცა ჩაშლილი იყო ახალი კოლექტიური ხელშეკრულებების (შეთანხმებების) დასადებად წარმოებული მოლაპარაკებები, აღარ ხორციელდებოდა სახელმწიფო სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები, ჯანდაცვა ხელმიუწვდომელი ხდებოდა ფართო მასებისთვის,   „ორთქლდებოდა“ სახელმწიფო საბინაო ფონდი, მშრომელთა ეს წარმომადგენლობები მას ხელს შეუშლიდა ტოტალური დეინდუსტრიალიზაციისა და ფსევდოპრივატიზაციის განხორციელებაში.

ტირანიამ 1992 წელს გზა გაუხსნა ანტიკონსტიტუციურ ორგანოებსა და ფორმირებებს და ისინიც შეესივნენ წარმოება-დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს. შედეგად მშრომელები დარჩნენ წარმოების საშუალებების გარეშე. ერთადერთი საკითხი რაც ტირანიის მიერ ქვეყანაში დადებითი მიმართულებით გადაწყდა იყო ეკოლოგიური მდგომარეობა. ფაბრიკა-ქარხნების მასობრივი დახურვისა და ბენზინის ტოტალური დეფიციტის გამო  1992-1995 წლების საქართველოს ქალაქებში ჰაერი აბსოლიტურად სუფთა და ჯანსაღი გახდა.

ტირანიამ არ დაუშვა რომ საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 1991 წლის 22 ნოემბრის ბრძანებულების საფუძველზე რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს, პროფკავშირების თანამონაწილეობით მოემზადებინა ახალი შრომის კანონთა კოდექსისა და „პროფკავშირული საქმიანობის შესახებ“ კანონის პროექტები, რომელთაც შემდგომ მიიღებდა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. ეს ყველაფერი დაიბლოკა ტირანიის ანტიპროფკავშირული თვითნებობის გამო.

ე.წ. სამხედრო საბჭოს, ე.წ. დროებითი მთავრობისა და ე.წ.სახელმწიფო საბჭოს მიერ მიღებულმა სოციალური პარტნიორობისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელმყოფმა ქმედებებმა დიდი ზიანი მიაყენეს საქართველოს მშრომელთა უფლებების დაცვასა და კანონიერი ინტერესების წარმომადგენლობას, ჩიხში მოაქციეს პროფკავშირული მოძრაობა ქვეყანაში. ტირანიის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედება ის გაკვეთილია, რომელიც დღესაც მრავლისმთქმელია პროფკავშირებისთვის.

დავით არაბიძე

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.