სულ რამდენიმე თვეა, რაც თვითმმართველ ქალაქ ფოთში საქართველოს პროფესიული კავშირების ოფისი შეიქმნა. ოფისის ძირითადი ფუნქცია, ქალაქ ფოთში და მის მეზობელ ქალაქებში პროფკავშირის როლის გაძლიერება და პროფკავშირის საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვაა.
ოფისი მშრომელებს პირველ რიგში უფასო იურიდიულ დახმარებას და სამუშაო ადგილებზე პრობლემების მოგვარებაში თანადგომას სთავაზობს. განსაკუთრებით მათ, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით სამსახური დაკარგეს და სასამართლოში აქვთ საქმე და ასევე მათ, რომლებიც დამსაქმებელთა წინააღმდეგობის მიზეზით ვერ სარგებლობენ საქართველოს შრომის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით.
ევროკავშირის დახმარებით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას აქვს შესაძლებლობა, რომ მსგავსი ოფისები (რომლებიც ფოთის გარდა უკვე ფუნქციონირებს გორში, ქუთაისსა და რუსთავში) იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი. ფოთის ოფისის წარმომადგენლები მართავენ ორგანაიზინგებს სხვადასხვა საწარმოებსა და ორგანიზაციებში პროფკავშირის ახალი წევრების მოზიდვის მიზნით .ოფისში ასევე იმართება სემინარები, იგეგმება კოლექტიური მოლაპარაკებები დამსაქმებლებთან შრომის პირობების გასაუმჯობესებლად და სხვა…
ოფისის წარმომადგენლები მშრომელებს უხსნიან მათ შრომით უფლებებს, შრომის კანონმდებლობას და ესაუბრებიან შრომის კოდექსში შესული უახლესი ცვლილებების შესახებ. სამწუხაროდ, ფოთში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის საკუთარი უფლებების შესახებ. თუმცა, პროფკავშირის ფოთის ოფისში ამბობენ, რომ ჩატარებულმა სემინარებმა და საინფორმაციო კამპანიებმა უკვე გამოიღო სათანადო შედეგები და დასაქმებულმა ადამიანებმა თანდათან დაიწყეს ოფისში ინტენსიურად მისვლა და მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხების განხილვა.
ინგა გვასალია, საქართველოს პროფკავშირების ფოთის ოფისის წარმომადგენელი: “მშრომელების უმრავლესობა უჩივის მცირე ხელფასს, შრომის უსაფრთხოების ცუდ პირობებს, არასასურველ სამუშაო გარემოს, უფლებების დარღვევას სამუშაო ადგილებზე და სხვა… მიუხედავად იმისა, რომ ახალი შრომის კოდექსი შევიდა ძალაში, ძალიან ბევრი დამსაქმებელი კვლავაც ძველებურად იქცევა და ფარულად მაინც უვლიან გვერდს ახალ შრომის კოდექსს და ამით ირღვევა დასაქმებულთა უფლებები, რომლებიც ჩვენ გვთხოვენ დახმარებას. ჩვენც რა თქმა უნდა მივდივართ კომპანიებსა და ორგანიზაციებში და შეხვედრების შემდეგ დასაქმებულებსა და ადმინისტრაციას შორის ვასრულებთ მედიატორის როლს“.
როგორც უკვე ვთქვით, ფოთის ოფისის თანამშრომელთა მონდომებამ სათანადო შედეგი გამოიღო და ქალაქ ფოთში ბოლო თვეების მანძილზე მრავალ საწარმოში ჩამოყალიბდა პროფკავშირული ორგანიზაცია. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წარმატება იყო, ფოთის საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირის საქალაქო ორგანიზაცისა შექმნა. უკვე არჩეულია ორგანიზაციის თავმჯდომარე, პროფკომიტეტის წევრები და პროფკავშირის ახალი წევრები ორგანიზაციის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავენ. ამავდროულად პროფკავშირის პირველადი ორგანიზაცია შეიქმნა ფოთში მდებარე შპს “ბი ენ პი“-ში“. (ეს არის ტვირთვის გადამამუშავებელი დიდი საღვაო ტერმინალი, სადაც დაახლოებით 400 ადამიანია დასაქმებული). ფოთში ასევე სხვა ტერმინალებზეც დაფუძნდა პროფკავშირი, . მაგალითად შპს “ბარვილში“, შპს “ჯტს“-ში და სხვა…
ქართლოს ჯობავა, ქალაქ ფოთში საქართველოს პროფკავშირის ოფისის წარმომადგენელი: “შპს “ბარვილ ჯორჯიაში“ მიმდინარე წლის დასაწყისში სრულიად აბსურდული მიზეზებით სამსახურიდან გაათავისუფლებ 13 თანამშრომელი. ძირითადად ოპერატორები. გათავისუფლების მიზეზად შემცირებები მოიყვანეს. თუმცა ჩვენ გამოვიკვლიეთ, რომ შემცირებები არსებითად არ განხორციელებულა და ეს ყველაფერი მხოლოდ მიზეზი იყო და სხვა არაფერი. მით უმეტეს, რომ ზემოთაღნიშნულ პერიოდში საწარმოს შემოსავალი კი არ შემცირდა – პირიქით გაიზრდა. ამ ცამეტ ადამიანს “ბარვილის“ თანამშრომელთა უმრავლესობამ გამოუცხადა სოლიდარობა და მოეწყო გაფიცვა. მთავარი მოთხოვნა იყო გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა.ამის შემდეგ მოგვმართა კომპანიის თანამშრომელთა სანიციატივო ჯგუფმა თხოვნით დახმარებისათვის და ჩვენ ყველანაირი სამართლებრივ–იურიდიული დახმარება გავუწიეთ. შემდეგ შეიქმნა პროფესიული კავშირი ამკომპანიაში, ჩამოყალიბდა კომიტეტი, აირჩეს თავმჯდომარე და შესაბამისი მოთხოვნები დადგენილ იქნა ადმინისტრაციული წესით. ამ ყველაფერმა მშვენიერი ნაყოფი გამოიღო და ადმინისიტრაცია წამოვიდა მოლაპარაკებაზე და (გარკვეულ ეტაპზე ჩვენი თხოვნით ამაში ჩართული იყო სამთავრობო კომისიაც პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით) და დასაქმებული ადამიანები სამუშაო ადგილებზე აღადგინეს. მოგვიანებით პროფკავშირსა და ადმინისტრაციას შორის გაფორმდა კოლექტიური ხელშეკრულებაც, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დასაქმებულთა სამუშაო პირობები “.
ასევე საინტერესოდ განვითარდა მოვლენები შპს “ჯტს“–ში, რომელიც საკონტენერო გადაზიდვების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია გახლავთ. ამ ორგანიზაციიდანაც დაახლოებით 60–მა ადამიანმა მიმართა პროფკავშირების ფოთის ოფისს, რათა მათი მოთხოვნები (ხელფასების ზრდა, შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვა, ღამის საათების ანაზღაურების გაზრდა და სხვა) სწორად ყოფილიყო დამსაქმებელთან მიწოდებული. პროფკავშირმა “ჯტს“ თანამშრომლებს აღმოუჩინა სათანადო იურიდიული დახმარება, ამ ორგანიზიაციაშიც შეიქმნა პროფკავშირი და ამ ყველაფერს ლოგიკურად მოჰყვა ის, რომ მოთხოვნების დიდი ნაწილი დაკმაყოფილდა.
2012 წლის 25 დეკემბერს უბედური შემთხვევა მოხდა ფოთში მდებარე შ.პ.ს. “ბარვილ ჯორჯიას” საკონტეინერო ტერმინალში. სპეციალური საკონტეინერო ტვირთამწე მექანიზმი “ფანტუცი” საწარმოს თანამშრომელს, ვალერი ჟღენტს დაეჯახა, (რომლიც მუშაობდა მტვირთავად და ევალებოდა ცარიელი კონტეინრების შემოწმება) მოიყოლა საბურავში, რის შედეგადაც მძიმე ტრავმა მიიღო (მენჯის ძვლის და ქვედა კიდურების მრავლობითი მოტეხილობა, განუვითარდა კომატოზური მდგომარეობა, დღემდე ვერ ამოძრავებს ქვედაკიდურებს და მარცხენა ხელს). ვალერი გადაიყვანეს ფოთის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. შრომის უნარიანობა დაკარგული აქვს სრულად, 100%-ით.
აღნიშნული საწარმოო უბედური შემთხვევის გამოკვლევაში აქტიურად იყო ჩართული და აგრძელებს მონაწილეობას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების შრომის უსაფრთხოების სამსახური და მისი ინსპექტორი ბატონი ნიკა კაკაშვილი. პროფკავშირმა აქაც ძალიან პრინციპული პოზიცია დაიკავა და ყოველმხრივ ეხმარება ვალერის და მის ოჯახს. უწევს მათ უფასო იურიდიულ და სხვა საჭირო სახის მომსახურებას როგორც საგამოძიებო ორგანოებთან, ისე კომპანიის ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში. პროფკავშირის, ისევე როგრც ოჯახის, მიზანია, რომ ვალერი უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანი და ღირსეული კომპენსაციითა და პენსიით, ასევე კომპანიაში გატარდეს აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები შრომის უსაფრთხოების კუთხით რათა მომავალში მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.
ინგა გვასალია: “მიმდინარეობს მუშაობა ფოთში არსებული პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისული ორგანიზაციის აღდგენასა და გაძლიერებასთან დაკავშირებითაც. თუმცა, აქ ხელს გვიშლის ე.წ. ყვითელი პროფკავშირი, რომლის წარმომადგენელი პედაგოგთა პროფკავშირების საქალაქო ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე გახლავთ და ამ სიტუაციამ გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია ფოთელ პედაგოგებს შორის. პედაგოგთა ერთი ნაწილი ჯერჯერობით კიდევ ვერ გაერკვა რომელია ნამდვილი პროფესიული კავშირი და რომლის წევრობის შემთხვევაში დაიცავენ მათ შრომით უფლებებს. თუმცა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებითაც და იმედი გვაქვს, რომ სულ მალე, ე.წ. ყვითელ გაწევრიანებული პედაგოგები ერთადერთ სწორ არჩევანს გააკეთებენ და შემოგვიერთდებიან“.
მიმდინარე წლის 22 მარტს შრომის მძიმე პირობები გააპროტესტეს და გაიფიცნენ ქალაქ ფოთის ქართულ-ინდური მეტალურგიული ქარხნის, შპს “მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია”-ს დასაქმებულები. მათი ძირითადი მოთხოვნა 22 მარტს სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული შვიდი მუშაკის აღდგენას, ასევე შრომის პირობებისა და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას უკავშირდებობდა. აღსანიშნავია, რომ მუშაკების განთავისუფლება განხორციელდა მას შემდეგ, რაც ისინი ფოთის მეტალურგიული ქარხნის პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტის წევრებად იყვნენ არჩეულნი და შრომითმა კოლექტივმა მათ წარმომადგენლობა მიანიჭა.
საწარმოს ხელმძღვანელობა ასეთი ქმედებებით თავს არიდებდა ჯანსაღ სოციალურ დიალოგს და კოლექტიურ მოლაპარაკებებს, არღვევდა შრომის კანონმდებლობას, დისკრედიტაციას უწევდა პროფესიულ კავშირს, დევნის და ანთავისუფლებდა პროფკავშირული ნიშნით და ცდილობდა უარი ეთქვათ დასაქმებულებს კონსტიტუციით მინიჭებული ფუნდამენტალური უფლებების სრულად რეალიზებაზე.
განთავისუფლებულ შვიდ მუშაკს ადმინისტრაცია ბრალად სდება და განთავისუფლების საფუძვლად ასახელებდა მიმდინარე წლის 20 მარტს საღამოს ცვლის გადაბარების პროცესში მომხდარ ფაქტს, როდესაც დღის ცვლაში უკვე ნამუშევარმა და ღამის ცვლაში მოსულმა თანამშრომლებმა ერთად გააპროტესტეს არსებული შრომის პირობები, რაც გულისხმობს იმას, რომ საწარმოში არ არსებობს გასახდელი, აბანო, სასმელი წყალი, სასადილო. საწარმოში ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი ერთეული ტუალეტი, არა და ამ დროს საწარმოში 300-მდე ადამიანი მუშაობს. შრომის უსაფრთხოების სტანდარტებიც ძალიან დაბალია. ცალკე უნდა აღინიშნოს ცვლიანობის უმძიმესი გრაფიკი, რომლის გამოც მუშაკებს უწევთ კვირაში 90 საათის მუშაობა, რაც თავის მხრივ თითქმის ორჯერ აღემატება მოქმედი კანონმდებლობით დაწესებულ ნორმას.
მიმდინარე წლის 23 მარტს, ქალაქ ფოთის მერის, დავით სარსანიას კაბინეტში მოხდა საქართველოს პროფკავშირის წარომადგენლების შხვედრა კომპანიის ადმინისტრაციის ინდოელ წარმომადგენლებთან. საქართველოს მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, თამაზ დოლაბერიძის მიერ დასმულ შეკითხვაზე – “თქვენი შეფასებით შრომის შინაგანაწესი 20 მარტს დაარღვია 100-მდე თანამშრომელმა, რატომ გაანთავისუფლეთ მხოლოდ შვიდი მუშაკი”, მენეჯერის პასუხი იყო: “ჩვენ დავსაჯეთ მოთავეები”.
ამ შემთხვევაშიც, დასაქმებულთა უპირობო მოთხოვნა იყო, სამსახურში უკანონოდ განთავისუფლებული შვიდი ადამიანი აღედგინათ და დაიწყებულიყო კოლექტიური მოლაპარაკებები სხვა პრობლემატური საკითხების მოგვარებისა და კოლექტიური ხელშეკრულების დადების მიზნით. პროფკავშირი აქაც ავანგარდში იდგა და ბოლომდე იცავს მშრომელთა უფლებებს.
მიუხედავად მნიშვნელოვანი წარმატებებისა, საქართველოს პროფესიული კავშირების ფოთის ოფისში მიაჩნიათ, რომ ჯერ მრავალი პრობლემაა მოსაგვარებელი და მხოლოდ ამის შემდეგ მოვა დრო, როდესაც პროფკავშირული მოძრაობა მათ ქალაქში სასურველ სიმაღლეებს მიაღწევს. ფოთის ოფისში ფიქრობენ, რომ მათი მუშაობისათვის უპირველესი ხელისშემშლელი ფაქტორი არის პროფკავშირისადმი საზოგადოების ერთი ნაწილის მცდარი წარმოდგენები. როგორც ინგა გვასალია ამბობს, ჯერ კიდევ ბევრმა ადამიანმა ვერ გაითავისა ის, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, საქართველოს პროფკავშირი ევროპული ტიპის ორგანიზაცია გახდა და წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც პროფკავშირი დასასვენებელ საგზურებთან და მსგავს მომსახურებათან ასოცირდებოდა. პროფკავშირი დღეს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში მოქმედ ყველა არასამთავრობო სექტორში ყველაზე მეტ წევრს აერთიანებს და პროფკავშირის წევრობა უკვე ნიშნავს სოლიდარობის გამოცხადებას.
“ორი წლის წინ მე თავად დავიწყე ფოთში, საჯარო სექტორში პროფკავშირის შექმნა, (ნაწილობრივ შევქმენი კიდეც), მაგრამ მაშინდელი ხელისუფლების ზეწოლისა დაჩარევის შედეგად მოხდა ისე, რომ კარგად დაწყებული საქმე სათანადოდ ვერ გაგრძელდა. ხოლო ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, როდესაც დაიწყო სამსახურებში ტესტირებისა და ატესტაციის კონკურსები, დასაქმებულები თავად მოვიდნენ ჩვენთან და დახმარება გვთხოვეს, რათა სამსახურიდან არ გაეთავისუფლებინათ. აქედან გამომდინარე, დასაქმებული ადამიანები კარგად მიხვდნენ, რომ საჯარო სექტორიში პროფკავშირის შექმნა აუცილებელი იყო და სწორედ ამან განაპირობა ფოთში ასე ჩქარი ტემპით პროფკავშირის წევრების ზრდა. ცხადია, რომ ჩვენი მუშაობისათვის გარემოს ხელშეწყობაც საჭიროა. სხვაგვარად პროფკავშირული მუშაობა ძალიან რთულია.
გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრია. კვლავ ირღვევა მშრომელების უფლებები და დამსაქმებლების დიდი ნაწილი ისევ იმ გზას მიჰყვებიან, რაც დასაქმებულების უფლებების დარღვევაზე გადის. დამსაქმებელთა მენტალიტეტის შეცლის იმედი დიდად არ გვაქვს. ჩვენი სურვილია, რომ პირველ რიგში დასაქმებულები იყვნენ ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები და ამ გზით უფრო კარგად შეძლებენ საკუთარი უფლებების დაცვას“ – ამბობს ინგა გვასალია.
ქალაქ ფოთში მდებარე ნავსადგურის მოიჯარე კომპანიაა შპს “ბიენდპი“–ში დასაქმებულმა დაახლოებით 150 ადამიანმა, 2013 წლის შემოდგომაზე გადაწყვიტა შეექმნათ პროფესიული კავშირი და გაწევრიანდნენ საქართველოს ტრანსპორტის მუშაკთა პროფესიულ კავშირში. დასაქმებულების გააქტიურება გამოიწვია იმან, რომ ფოთის ტერიტორიაზე უკვე შექმნილი იყო პროფკავშირული ორგანიზაციებ, აქტიურად მოქმედებდა პროფკავშირების ფოთის ოფისი და შესაბამისად დიალოგი უკვე იყო დაწყებული “ბი ენდპის“ ადმინისტრაციასთან. მშრომელებმა დამსაქმებელს შემდეგი მოთხოვნები წაუყენეს:
1. სანიტარული ნორმების დაცვა;
2. ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
3. კვების საკითხის მოგვარება;
4. ხელფასების ზრდა;
5 პროფკავშირის შექმნასა და ფუნქციონირებაში მენეჯმენტის ჩაურევლობა.
დასაქმებულების გამომუშავების ტარიფები ძალიან დაბალია და ამასთან დაკავშირებით პროფკავშირის წარმომადგენლებმა კომპანიის ხელმძღვანელობას სპეციალური წერილიც მისწერეს. როგორც ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი, ლავრენტი ალანია აცხადებდა, “ბიენდპის“ ხელმძღვანელებმა თავიდან გამოთქვეს მათთან შეხვედრის სურვილი და კომპანიის თბილისის ოფისში შედგა ეს შეხვედრა. შეხვედრაზე თანამშრომლობის სურვილიც გამოითქვა, თუმცა ამის შემდეგ, დამსაქმებლების წარმომადგენლებმა დაიწყეს დასაქმებულების დაშინება და მათ აფრთხილებდნენ, რომ არ შესულიყვნენ პროფკავშირში. ამას მშრომელების მხრიდან პროტესტი მოჰყვა და ორი ცვლის თანამშრომლები გამოვიდნენ საწარმოს გარეთ, შექმნილი მდგომარეობის გამო პროტესტის გამოსათქმელად.
დამსაქმებლებნა აირჩიეს არასწორი გზა. მათ შექმნეს ე.წ. ყვითელი პროფკავშირი, სადაც ძალით აწევრიანებენ ხალხს. დასაქმებულებს აიძულებდნენ, რომ დაეხიათ განცხადებები ნამდვილ პროფკავშირში შესვლაზე და დაეწერათ ახალი განცხადებები ყვითელ ანუ ყალბ პროფკავშირში შესასვლელად.
პროფკავშირის წარმომადგენლებმა სპეციალური წერილები გაუგზავნეს ჯანდაცვისა და ეკონიმიკის სამინისტროებს, რათა მათ შეასრულონ მედიატორის როლი და მოხდეს ორგანიზაციაში პროფკავშირის შრომის ტექნიკური ინსპექციის შეშვება და მათ შეისწავლონ მდგომარეობა. კანონიდან გამომდინარე დამსაქმებელს მიცემული აქვს 21 დღიანი ვადა. პროფკავშირის წამრომადგენლებმა ასევე მიმარეს პროკურატურას, რათა მათ აღძრან საქმე კომპანიის დირექტორებზე: ჯუმბერ ცომაიასა და თამაზ კაპანაძეზე, რომლებიც უხეშად არღვევენ დასაქმებულთა უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციას, შრომის კოდექსს და საერთაშორისო კანონმდებლობას.
სოლიდარობის მნიშვნელოვანი მაგალითია ერთ–ერთი შემთხვევა, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ მოხდა. ყულევის ტერმინალს აქვს სარკინიგზო უბანი. რკინიგზით შედის ტერმინალზე მრავალი სახის ტვირთი. რკინიგზის უბანს შესაბამისად ტერმინალს ადგილობრივი რკინიგზელები ემსახურებიან. ამა წლის გაზაფხულზე, ტერმინალში გაფიცვის დროს ყულევის ტერმინალმა რკინიგზის ფოთის სადგურს სთხოვა, რომ გამოეგზავნათ მემანქანე, რომელიც თბომავალს გაფიცული ტერმინალის მემანქანის ნაცვლად წაიყვანდა. რკინიგზის პროფკავშირის წარმომადგენლებმა სამტრედიაში გაარკვიეს ვინც უნდა დამჯდარიყო თბომავალზე და სთხოვეს, რომ არ წასულიყო ყულევში. მემანქანე შუა გზიდან მიბრუნდა ფოთში. მეორე დღეს ეს მემანქანე რკინიგზის ადმინისტრაციამ თბილისში დაიბარა და საყვედურის გამოცხადების გარდა, 1000 ლარის ჯარიმაც გამოუწერეს იმისათვის, რომ 500 ლიტრზე მეტი საწვავი დაწვა და მათი ბრძანება მაინც არ შეასრულა. მოყვანილი მაგალითებიდანაც ჩანს, რომ პროფკავშირი მართლაც არის დიდი ძალა და მას სჭირდება გულიანი, პატიოსანი ადამიანები.
ფოთში პროფკავშირის როლი და ფუნქცია ბოლო ერთი წლის მანძილზე ძალიან გაიზარდა და ეს განსაკუთრებით, ფოთის პროფკავშირის ოფისის საქმიანობამ განაპირობა. ფოთელი მშრომელები იმედოვნებენ, რომ ფოთის ოფისი მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და უფრო მეტ დასაქმებულ ადამიანს მისცემს შანსს, რომ საკუთარი უფლებების უკეთ დაცვა შეძლონ.
ფოთელი პროფკავშირელების მომავლის გეგმები უპირველეს ყოვლისა კარგად დაწყებული საქმის გაგრძელებას გულისხმობს. მათ ქალაქში ჯერ კიდევ არსებობს საწარმოები, სადაც პროფკავშირულ მუშაობას ადმინისტრაცია ყველა ხერხით უშლის ხელს. დასაქმებულებისათვის საკუთარი უფლებების გაცნობა კვლავაც ერთ–ერთი პრიორიტეტი იქნება და რაც მთავარია ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ პროფკავშირი არის ორგანიზაცია, რომელსაც მათი დაცვა რეალურად შეუძლია. იქნება სოლიდარობა, ყველაფერი გამოვა!