Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ხელოსნობა საქართველოში

ხელოსნობა, როგორც ჩანს, კიდევ ძალიან დიდხანს იარსებებს. მომავალში რაც არ უნდა სრულყოფილი მანქანები გამოიგონონ, კიდევ ძალიან დიდხანს ადამიანის დახვეწილი ხელით შრომას თავისი ადგილი საიმედოდ ეკავება. მართალია შრომამ ინდუსტრიალიზაციის შემდეგ სრულიად განსხვავებული მორალური ღირებულება შეიძინა და ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, აქ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს მანქანებმა. სიტყვა mechane ბერძნულია და ეშმაკობას, მოხერხებულებას ნიშნავს და მანქანაც ამ სიტყვიდან მომდინარეობს. მანქანებმა  და ზოგადად ტექნიკურმა ცივილიზაციამ წარმოებიდან იწყო ხელით შრომის გამოდევნა. ამასვე ემსახურებოდა ფიზიკოსების, მათემატიკოსების, ფილოსოფოსებისა და ზოგადად გამომგონებლების თეორიები და იდეები, რომლებიც ყოველმხრივ ცდილობდნენ ხელით შრომა ისტორიის სამუზეუმო ექსპონატად ექციათ.

ამ უდიდესმა ძალისხმევამ, ინდუსტრიულმა რევოლუციამ, კი ის შედეგი მოიტანა, რომ მანქანის ტოტალურმა გამარჯვებამ კაცობრიობას პირველად დაანახა ხელოსნის შრომის სილამაზე, მისი დიდი ღირებულება შრომის კულტურაში. ინდუსტრიულმა რევოლუციამ ღირებულებების საყოველთაო გადაფასება გამოიწვია. ხელოსანი, რომელიც სოციალური კიბის ერთ-ერთ ქვედა საფეხურზე იდგა, ამ გადატრიალებამ თითქმის ხელოვნად, კულტურის მოღვაწედ აქცია, ხელოსნის შრომა მხატვრობას დაემსგავსა. ინდუსტრიალიზაციის შემდეგ, ძველი სახელოსნოები თავისი ხელსაწყოებით და ხელით დამზადებული ნაკეთობებით ჩვენი ეპოქის ადამიანებისთვის იდილურ სამუშაო ადგილად აღიქმება. კიდევ უფრო საკვირველია ის, რომ ბევრმა ხელობამ დღემდე შეინარჩუნა ძველი ფორმა, ინდუსტრიალიზაციამდელი ფორმა. მინანქრის ნაკეთობებით დაწყებული და ავეჯით გაგრძელებული, მინის ნაკეთობები თუ მუსიკალური ინსტრუმენტები, საათები და ავტოკალმები, ჭურჭელი, ტანსაცმელი და სასმისები, მრავალი სხვა ხელოსნის ოსტატობით ნამდვილ შედევრებად ევლინებიან ადამიანებს. ამ ნაკეთობებს ადამიანის მარჯვე ხელი და არა მანქანა ამზადებს.

ხელოსნობა, როგორც წარმოების გარკვეული ფორმა, გარვეული ფორმის ადამიანს აყალიბებს, რომელიც თავის თავში ხელოსნის შრომას განასახიერებს. ის, ვინც ხელოსნობის სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამს, ნათლად ხედავს რომ ადამიანის ხელით დამზადებულ ნივთს ყოველთვის აქვს ის განუმეორებელი ხიბლი, რომელიც არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს მანქანით დამზადებულ ნაკეთობას. ხელით შრომა განუმეორებელია.

საქართველოში ხელოსნობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ხელოსნის ხელით იგებოდა როგორც საცხოვრებელი სახლი, ასევე სამეურნეო ნაგებობები, საბრძოლო და თავდაცვითი ობიექტები- ციხე-კოშკები და გოდოლები. ჭურჭლის დამზადებაც ადამიანის ხელით ხდებოდა, ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მე-7 ათასწლეულში დამზადებული თიხის ჭურჭელი დღესაც ანცვიფრებს ადამიანს. კერამიკა, მოჭიქული ჭურჭელი, ბრინჯაო, სპილენძი და ვერცხლი ჭურჭლის დამზადებაში აქტიურად გამოიყენებოდა. ავეჯის დასამზადებლად ხელოსანს საქართველოში მრავალი ჯიშის ხე ეხმარებოდა: მუხა, რცხილა, წიფელი და სხვა. ტვირთის საზიდად მზადდებოდა წკეპლის, ლერწმის, ღვედკეცისგან დაწნული გიდელი, გოდორი და კალათა. დახელოვნებული იყო ადამიანი მატყლის, სელისა და კანაფისგან ძაფების დამზადებაში, მათი მეშვეობით ქსოვაში და მათ ღებვაში, ხელით დამზადებული ტანსაცმელი, თავსაბურავი და ფეხსაცმელი გამძლე იყო შრომაშიც და ბრძოლაშიც. ლოგინი, ხალიჩა, ფარდაგი ასევე ოსტატურად მზადდებოდა. ხელობა იყო ხაბაზობა-პურის ცხობა (შოთი, ლავაში, ხმიადი, ღვეზელი, ქადები, ხაჭაპური, ნაზუქი) მაგრამ  ამ ყველაფერს ოსტატურად გაკეთებული თონე და კეცი ესაჭიროებოდა.

ხელობა იყო კვების პროდუქტების  ბოსტნეულის, ხილისა და ხორცის შენახვა: გახმობა, დაჩირვა, დამწნილება, ჩურჩხელისა და მურაბების, ტყლაპისა და ღვინო-არყის დამზადება, ხორცის შაშხად და ლორად დამუშავება. მესაქონლეობაც ასევე დიდოსტატობას მოითხოვდა. კლიმატისა და გარემოებების ცვლილებების  მიუხედავად საჭირო იყო შინაური პირუტყვის არა მარტო შენარჩუნება, არამედ მათგან ნამატისა და საჭირო პროდუქტების –  რძე, ტყავი, მატყლის მიღება. ხელობა იყო მეფუტკრეობა, მეთევზეობა, მეაბრეშუმეობა, მებოსტნეობა, მებაღეობა, მევენახეობა, მეწისქვილეობა, მონადირეობა, მჭედლობა , მენახშირეობა, მეტივეობა, სასოფლო-სამეურნეო ინვენტარისა და მუსიკალური საშუალებების დამზადება, ოქრომჭედლობა. ამ ხელობათა აბსოლუტური უმრავლესობა დღესაც ქმედითია და საზოგადოების მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება. საქართველოში ხელოსნის შრომა აუცილებელი და საჭიროა.

ისტორია ადასტურებს, რომ ხელოსანთა დინასტიები თითქმის ისევე წარმოიშობოდნენ, როგორც მმართველი დინასტიები. ხელობათა შიგნით „დინასტიური“ ქორწინებები ნორმა იყო და არა გამონაკლისი. თუ მეუღლე-ქმარი არ იყო რომელიმე ხელობის წარმომადგენელი, ასეთი დაქორწინება მას კარს უღებდა ამ ხელობის ამქრის სრულფასოვან წევრობაზე. „ დინასტიური“ ქორწინება განაპირობებდა ხელობის დაუფლებას ფეხის ადგმისთანავე. ბავშვი პირდაპირ იყო გარემოცული ხელობით, ოსტატობით, ტრადიციით, რომელთა კულტივაციასაც ხშირად ორი და სამი საუკუნეზე მეტი ხანი გააჩნდა, ხელობა მემკვიდრეობითი იყო და იგი ადამიანის ბედიც იყო. დღეს, როცა ადამიანი ითვალისწინებს საკუთარ მიდრეკილებას და შანსს შრომის ბაზარზე, გადაკვალიფიცირების შესაძლებლობას ხელობას აღარ აქვს ბედისწერის დატვირთვა, მაგრამ ხელობა კვლავ რჩება ისტორიისა და კულტურული ტრადიციის ორგანული ნაწილად, თუნდაც ის სრულიად ახალი ადამიანებით იყოს დაკომპლექტებული. ხელობის ადამიანებმა ზუსტად იციან თავიანთი ქალაქისა და მხარის სპეციფიკა, ბუნება, ნიადაგი, კლიმატი, რესურსები და ადამიანები, რაც მათ ნახელავს ამ ქალაქისა და მხარის განუმეორებლობის ბეჭედით აღნიშნავს. ასევე განუყოფელია ხელობასთან სამუშაო ინსტრუმენტები, რაც ოსტატის ხელის ორგანულ ნაწილად არის ქცეული და მათი ფორმირება ასევე არაერთ საუკუნეს ითვლის. ეს ინსტრუმენტები ადამიანს ხელით შრომისას შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენაში ეხმარებიან.

თავად ის ფაქტი, რომ საკუთარი ხელით, მხოლოდ ინსტრუმენტის და არა მანქანის მეშვეობით დამზადდა ღირებული პროდუქტი – კარადა, კოსტუმი, ფეხსაცმელი, კასრი, ხალიჩა და სათამაშო – კანონიერი სიამაყით ავსებს ადამიანის გულს , რადგან მან სამყაროს თუნდაც მცირე, მაგრამ საკუთარი შტრიხი შემატა, თავისი განვითარების დიდ სურათზე. ქაოსისთვის ფორმის მიცემა, კოსმოსის ფორმირება ადამიანის გონების, გრძნობისა და ფიზიკური ძალის მეშვეობით წარსულში ხელოსანს აძლევდა ძალას მოეხდინა სასწაული, შრომის სასწაული, დღეს, როცა ადამიანის სამსახურში ტიტანური მექანიზმებია ადამიანის პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზარდა. მის ამოცანა გახდა შემოქმედებითი ნიჭი სიკეთისა და აღმშენებლობის სამსახურში ჩააყენოს, რათა საზოგადოება გადაიყვანოს ჰუმანური განვითარების გზაზე.

დღეს ხელოსნის შრომა არაა დიდი ფინანსური შემოსავლის წყარო. საუკუნეზე მეტი ხანი გავიდა, მას შემდეგ რაც ქართველი ხელოსნების მრავალსაუკუნოვანი ამქრები მეფის რუსეთის მთავრობამ XIX  საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდში დაშლილად გამოაცხადა, ამ უგუნურმა აქტმა დიდი დარტყმა მიაყენა ხელოსნობას. XXI საუკუნეში ხელოსანთა პროფესიული გაერთიანება კვლავ აქტუალური სოციალური საკითხია. ხელოსნებისთვის ორგანიზაციად დარაზმვა აუცილებელია, რადგან მასზეა დამოკიდებული მათი  მატერიალური კეთილდღეობა,  შრომის უფლება და სოციალური განვითარება.  პროფკავშირად ორგანიზებული ხელოსნები დიდი სოციალური ძალაა.

დავით  არაბიძეshroma

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.