ესტონეთში, ქალაქ ტალინში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ყოველწლიური ასამბლეა და კონფერენცია იმართება. ,,ხელშესახები შედეგები ხალხისთვის: აღმოსავლეთ პარტნიორობა 2020–ში და შემდგომ“- აღნიშნულ ღონისძიებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ასამბლეა გახსნა ესტონეთის პრეზიდენტმა ქ-ნმა კერსტი კალჯულაიდმა.
ასამბლეის პირველ დღეს სამოქალაქო საზოგადოების დეკლარაცია მიიღეს და ხუთი სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი აირჩიეს, მათ შორის მე–5 სამუშაო ჯგუფის ‘შრომითი და სოციალური პოლიტიკა და სოციალური დიალოგი’ ს კოორდინატორად ერთხმად, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, რაისა ლიპარტელიანი აირჩიეს, რომელიც ამავდროულად 2017 წლის თებერვლიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს.
ასამბლეა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნების მთავრობების და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის საკითხებს, რეგიონალური და ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს, სოციალური დიალოგის მნიშვნელობას და როლს შრომითი მიგრაციის გამოწვევებთან მიმართებით, ახალგაზრდების ჩართულობას სამოქალაქო აქტივობაში და ა.შ.
დამტკიცდა სამუშაო ჯგუფების 2017-2018 წლის სამოქმედო გეგმები.
ასამბლეა 25 ოქტომბერს გაიხსნა და 27 ოქტომბერს დაიხურება.