C97 კონვენცია დასაქმების მიზნით მიგრაციის შესახებ (შესწორებული ვერსია), 1949
დასაქმების მიზნით მიგრაციის შესახებ კონვენცია (შესწორებული, 1949) (შენიშვნა: ძალაში შესვლის თარიღი – 22.01.1952)
კონვენცია C097
ადგილი: ჟენევა
კონფერენციის 32-ე სესია
მიღების თარიღი: 01.07.1949
საგნის კლასიფიკაცია: მიგრანტი მშრომელები
საგანი: მიგრანტი მშრომელები
იხილე ინფორმაცია წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციების შესახებ დოკუმენტი გამოქვეყნებულია ფრანგულ და ესპანურ ენებზე.
სტატუსი: თანამდეროვე (უახლესი) ინსტრუმენტი
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური კონფერენცია
რომლის ოცდამეთორმეტე სესია 1949 წლის 8 ივნისს ჩატარდა ჟენევაში, შრომის საერთაშორისო ბიუროს მმართველი ორგანოს მიერ, რომელმაც მას შემდეგ, რაც მიიღო გადაწყვეტილებები 1939 წელს გამართული კონფერენციის ოცდამეხუთე სესიაზე მიღებული დასაქმების მიზნით მიგრაციის შესახებ კონვენციაში ცვლილებების შესატანად გარკვეული წინადადებების შესახებ, რომელიც სესიის დღის წესრიგში მეთერთმეტე განსახილველ საკითხად არის შეტანილი, და იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილმა წინადადებებმა უნდა მიიღოს საერთაშორისო კონვენციის ფორმა, ათას ცხრაას ორმოცდა ცხრა წლის პირველ ივლისს იღებს შემდეგ კონვენციას, რომელსაც ეწოდება კონვენცია დასაქმების მიზნით მიგრაციის შესახებ (შესწორებული ვარიანტი), 1949:
მუხლი 1
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის თითეული წევრი, რომლისთვისაც წინამდებარე კონვენცია შედის ძალაში, ვალდებულებას კისრულობს, რომ შრომის საერთასორისო ოფისის და ორგანიზაციის სხვა წევრების მოთხოვნის კვალდაკვალ ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია:
ა. ემიგრაციასა და მიგრაციასთან დაკავშირებით ეროვნული პოლიტიკის, კანონების, და რეგულაციების შესახებ;
ბ. დასაქმების მიზნით მიგრაციასთან დაკავშირებული განსაკუთრებული დებულებებისა და დასაქმების მიზნით მიგრირებულთა სამუშაო და საცხოვრებებლი/საარსებო პირობების შესახებ;
ც. მოცემული ქვეყნის მიერ ზემოთხსენებულ პირობებთან დაკავშირებით გაფორმებული გენერალური შეთანხმებებისა და საგანგებო ზომების შესახებ.
მუხლი 2
თითეული წევრი, რომლისთვისაც წინამდებარე კონვენცია შედის ძალაში, ვალდებულებას კისრულობს, რომ დაიცავს, ან მხარს დაუჭერს დასაქმების მიზნით მიგრირებულთათვის ეფექტურად ფუნქციონირებადი, ადექვატური და უფასო მომსახურების უზრუნველყოფას, განსაკუთრებით კი, მათთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდების კუთხით.
მუხლი 3
1. თითეული წევრი, რომლისთვისაც წინამდებარე კონვენცია შედის ძალაში, ვალდებულებას კისრულობს, რომ, მათთვის ეროვნული კანონებისა და რეგულაციების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღონ ყველა შესაფერისი ზომა ემიგრაციასა და მიგრაციასთან დაკავშირებით არასწორი/დეზინფორმაციული მიზნების მქონე პროპაგანდის წინააღმდეგ.
2. ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, იგი მოქმედებს საკითხით დაინტერესებულ სხვა წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის მეშვეობით.
მუხლი 4
შესაფერისი ზომები უნდა გატარდეს თითეული წევრი ქვეყნის მიერ, მათი იურისდიქციის ფარგლებში, რათა ხელი შეუწყონ დასაქმების მიზნით მიგრირებულთა ქვეყნიდან გასვლას, მგზავრობასა და ქვეყანაში მიღებას.
მუხლი 5
თითეული წევრი, რომლისთვისაც წინამდებარე კონვენცია შედის ძალაში, ვალდებულებას კისრულობს, რომ ხელს შეუწყობს საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში შესაფერისი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას, რათა
ა. საჭიროების შემთხვევაში, როგორც ქვეყნიდან გასვლის, ისე ქვეყანაში შესვლის დროს, დარწმუნდეს, რომ დასაქმების მიზნით მიგრირებული პირისა და მისი ოჯახის წევრების (რომელთაც უფლება აქვთ ახლდნენ ან შეუერთდნენ დასაქმების მიზნით მიგრირებულ პირს) ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ბ. უზრუნველყოს, რომ დასაქმების მიზნით მიგრირებული პირი და მისი ოჯახის წევრები სარგებლობენ ადეკვატური სამედიცინო მომსახურებითა და ჰიგიენური პირობებით მათი ქვეყნიდან გასვლის, მგზავრობისა და დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის დროს.
მუხლი 6
1. თითეული წევრი, რომლისთვისაც წინამდებარე კონვენცია შედის ძალაში, ვალდებულებას კისრულობს, რომ, მიუხედავად მათი ეროვნებისა, რასისა, რელიგიური მრწამსისა თუ სქესისა, საკუთარ ტერიტორიაზე კანონიერად მიგრირებულ პირებს მოეპყრობა ისეთივე კეთილგანწყობით, როგორც საკუთარ მოქალაქებს, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა:
ა. რამდენადაც ასეთი საკითხები რეგულირდება კანონის ან რეგულაციის ძალით, ან წარმოადგენს ადმინისტრაციული ხელისუფლების კონტროლის საგანს –
(ი) ანაზღაურება, ოჯახური დახმარების (შემწეობის) ჩათვლით, როცა ეს უკანასკნელი ანაზღაურების ნაწილს წარმოადგენს, სამუშაო საათები, ზედმეტად ნამუშევარი საათების შესახებ შეთანხმება, ანაზღაურებადი შვებულება, შეზღუდვები შინა მომუშავეობაზე, დასაქმების მინიმალური ასაკი, შეგირდობა და ტრენინგი, ქალთა და ახალგაზრდების შრომა;
(იი) პროფესიული კავშირების წევრობა და კოლექტიური მოლაპარაკებების/შეთანხმებების პირობებით სარგებლობა;
(იიი) საცხოვრებელით უზრუნველყოფა;
ბ. სოციალური დაზღვევა (რაც საწარმოო ტრვმის, დედობა და დეკრეტული შვებულების, ავადმყოფობის, შრომის უუნარობის, სიბერის, უმუშევრობისა და ოჯახური პასუხისმგებლობის, და ნებისმიერი სხვა პირობის შესახებ კანონისმიერი დებულებაა, რომელიც ეროვნული კანონისა და რეგულაციების შესაბამისად, იფარება სოციალური დაზღვევის სქემით), რომელიც შესაძლოა დაექვემდებაროს შეზღუდვებს იმ შემთხვევებში როცა:
(ი) შესაძლოა არსებობდეს შეძენილი უფლებების შენარჩუნებასთან, და უფლებების შეძენის პროცესთან დაკავშირებული სათანადო შეთანხმებები;
(იი) იმიგრაციის ქვეყნის ეროვნული კანონები თუ რეგულაციები შესაძლოა აწესებდეს დახმარებას ან დახმარების ნაწილის სპეციალურ ნორმებს, რომლებიც მთლიანად საზოგადოებრივი ფონდებიდან გადახდას ექვემდებარება, და იმ შემწეობებთან დაკავშირებით, რომლებიც გაიცემა პირებზე, ვინც ნორმალური პენსიის მისაღებად განსაზღვრული შენატანების პირობებს არ აკმაყოფილებს;
ც. დასაქმების გადასახადები, მოსაკრებლები თუ შენატანები, რომლებიც იხდება დასაქმებულ პირთან დაკავშირებით, და
დ. წინამდებარე კონვენციაში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით სამართალწარმოება.
2. ფედერალური სახელმწიფოს შემთხვევაში, წინამდებარე მუხლის დებულებები უნდა განხორციელდეს იმდენად, რამდენადაც ისინი რეგულირდება ფედერალური კანონებისა და ნორმატივების ძალით, ან წარმოადგენს ფედერალური ადმინისტრაციული ხელისუფლების კონტროლის საგანს. საკითხების წევრი ქვეყნის, პროვინციისა თუ ოლქის კანონითა და ნორმატივების ძალით რეგულირების, ან მათი ადმინისტრაციული ხელისუფლების მიერ კონტროლის შემთხვევაში, აღნიშნული დებულებების განხორციელების მასშტაბი და ფორმა უნდა განისაზღვროს თავად თითოეული წევრის მიერ.
წევრმა ქვეყანამ კონვენციის განხორციელების შესახებ წლიურ ანგარიშში უნდა მიუთითოს თუ რა ზომამდე რეგულირდება ამ მუხლში მითითებული საკითხები ფედერალური კანონისა თუ ნორმატიული აქტების მიერ, ან თუ წარმოადგენს ადმინისტრაციული ხელისუფლების კონტროლის საგანს. წევრი სახელმწიფოების, პროვინციებისა და ოქლების კანონისა თუ ნორმატიული აქტების მიერ რეგულირებად საკითხებთან, ან ადმინისტრაცული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საკითხებთან დაკავშირებით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაატარონ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონსტიტუციის მე-19 მუხლის 7(ბ) პარაგრაფში აღწერილი ზომები.
მუხლი 7
1. თითეული წევრი, რომლისთვისაც წინამდებარე კონვენცია შედის ძალაში, ვალდებულებას კისრულობს, რომ მისი დასაქმებისა და სხვა სამსახურები, რომლებიც მიგრაციას უკავშირდება, შესაფერის შემთხვევებში ითანამშრომლებენ სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან.
2. თითეული წევრი, რომლისთვისაც წინამდებარე კონვენცია შედის ძალაში, ვალდებულებას კისრულობს, რომ მისი საჯარო დასაქმების სამსახურის მიერ დასაქმების მიზნით მიგრირებულთათვის გაწეული მომსახურება იქნება უფასო.
მუხლი 8
1. მუდმივი ნებართვის მქონე დასაქმების მიზნით მიგრირებული პირი, და მისი ოჯახის წევრები, რომლებსაც უფლება მიეცათ თან ახლდნენ ან შეუერთდნენ მას, იმის გამო რომ მიგრანტს არ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მიღებული დაავადების ან ტრავმის გამოისობით, არ უნდა იქნან დაბრუნებული მათი წარმოშობის ტერიტორიაზე, ან იქ საიდანაც მოხდა მათი ემიგრაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა განსახილველ პირს თავად სურს დაბრუნება, ან ასეთი დებულება გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებაში, რომლის წევრიცაა მიგრაციის ქვეყანა.
2. როცა დასაქმების მიზნით მიგრირებულ პირს ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე ეძლევა მუდმივი ნებართვა, ამ ქვეყნის კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია დაადგინოს რომ წინამდებარე მუხლის 1 პარაგრაფში ჩამოყალიბებული დებულება ამოქმედდება მხოლოდ გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, რაც არავითარ შემთხვევაში არ აღემატება ხუთ წელიწადს მოცემული მიგრანტისთვის მუდმივი ნებართვის მინიჭების თარიღიდან.
მუხლი 9
თითეული წევრი, რომლისთვისაც წინამდებარე კონვენცია შედის ძალაში, ვალდებულებას კისრულობს, რომ ვალუტის ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებით ეროვნული კანონმდებლობისა და საკანონმდებლო აქტების ძალით დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, გასცემს ნებართვას დასაქმების მიზნით მიგრირებული პირის მიერ ამ სახის შემოსავლებისა და დანაზოგების გადარიცხვაზე ამავე პირის სურვილის მიხედვით.
მუხლი 10
იმ შემთხვევებში, როცა ერთი წევრი ქვეყნიდან მეორე წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმავალ მიგრანტთა რაოდენობა ძალიან დიდია, განსახილველი ქვეყნების ტერიტორიების კომპეტენტურმა ორგანოებმა, საჭიროებისამებრ, ან სურვილის შემთხვევაში, უნდა დადონ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმებები წინამდებარე კონვენციის დებულებების განხორციელების რეგულირების მიზნით.
მუხლი 11
1. კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი – “დასაქმების მიზნით მიგრირებული პირი”, ნიშნავს ადამიანს, რომელიც ერთი ქვეყნიდან მეორეში მიდის სამსახურის მოსაპოვებლად და არა თვითდასაქმებისთვის, და გულისხმობს ნებისმიერ პირს, რომელსაც როგორც წესი ეძლევა დასაქმების მიზნით მიგრირებული პირის ნებართვა.
2. წინამდებარე კონვენცია არ ეხება:
ა. საზღვარზე მომუშავე პირებს;
ბ. ლიბერალური/თავისუფალი პროფესიებისა და ხელოვნების მუშაკების მოკლევადიან შესვლას ქვეყანაში; და
გ. მეზღვაურებს.
მუხლი 12
წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციის ფორმატი რეგისტრაციისათვის უნდა შეთანხმდეს შრომის საერთაშორისო ოფისის გენერალურ დირექტორთან.
მუხლი 13
1. წინამდებარე კონვენცია სავალდებულოა მხოლოდ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის იმ წევრი ქვეყნებისათვის, რომელთა მიერ კონვენციის რატიფიკაციაც რეგისტრირებულია გენერალური დიექტორის მიერ.
2. იგი ძალაში შედის ორი წევრის მიერ გენერალურ დირექტორთან რატიფიკაციის რეგისტრაციის თარიღიდან 12 თვის შემდეგ.
3. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი წევრი ქვეყნისათვის კონვენცია ძალაში შედის მის მიერ რატიფიკაციის რეგისტრაციის თარიღიდან 12 თვის შემდეგ.
მუხლი 14
1. წინამდებარე კონვენციის რატიფიკატორ თითეულ ქვეყანას, რატიფიკაციასთან თანდართული განცხადების ძალით შეუძლია რატიფიკაციიდან გამორიცხოს წინამდებარე კონვენციის ნებისმიერი ან ყველა დანართი.
2. ზემოთაღნიშნული განცხადების პირობებიდან გამომდინარე, დანართებში მოცემული დებულებები იმავე ძალით სარგებლობს, როგორც თავად კონვენციის დებულებები.
3. ნებისმიერ წევრ ქვეყანას, რომელიც ზემოთ აღნიშნულ განცხადებას გააკეთებს, შეუძლია, მოგვიანებით ახალი განცხადებით მიმართოს გეერალურ დირექტორს იმის თაობაზე, რომ იგი ეთანხმება განცხადებაში ხსენებულ რომელიმე, ან ყველა დანართს, და გენერალური დირექტორის მიერ ასეთი შეტყობინების რეგისტრაციაში გატარების თარიღიდან აღნიშნულ დანართებში მოცემული დებულებები სავალდებულო გახდება განსახილველი წევრი სახელმწიფოსათვის.
4. მაშინაც კი, როცა, ამ მუხლის 1 პარაგრაფში განხილული განხცადება ძალაშია ნებისმიერ დანართთან მიმართებაში, წევრ სახელმწიფოს შეუძლია განაცხადოს, რომ მზადაა მოცემული დანართი მხედველობაში მიიღოს რეკომენდაციის ძალის მქონე დოკუმენტის სახით.
მუხლი 15
1. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების 35-ე მუხლის მე-2 პარაგრაფის საფუძველზე შრომის საერთაშორისო იფისის(ბიუროს) გენერალური დირექტორისათვის გაგზავნილი განცხადებები უნდა ასახავდეს:
ა. წევრი ქვეყნის იმ ტერიტორიებს, რომლებზეც იგი კისრულობს კონვენციის და მისი რომელიმე ან ყველა დანართის დებულებების შესწორების გარეშე გატარებას.
ბ. ტერიტორიები, სადაც იგი აცხადებს, რომ კონვენციის და მისი რომელიმე ან ყველა დანართის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ შესწორების შემდეგ, და აქვე დეტალურად უთითებს საჭირო შესწორებების ჩამონათვალს;
გ. ტერიტორიებს, სადაც კონვენციის და მისი რომელიმე ან ყველა დანართის განხორციელება შეუძლებელია და ასეთ შემთხვევაში უთითებს კონკრეტულ მიზეზებს.
დ. ტერიტორიებს, რომელთა მიმართებაშიც იგი თავს იკავებს გადაწყვეტილების მიღებისაგან, სიტუაციის დამატებითი გაანალიზების საჭიროების მიზნით.
2. ვალდებულებები, რომელზეც საუბარია წინამდებარე მუხლის 1-ლი პარაგრაფის ა. და ბ. ქვეპარაგრაფებში, განიხილება როგორც რატიფიკაციის განუყოფელი ნაწილი და მათ რატიფიკაციის ძალა აქვთ.
3. ნებისმიერ წევრს, წინამდებარე მუხლის 1-ლი პარაგრაფის ბ. გ. ან დ. ქვეპარაგრაფის ძალით, ნებისმიერ დროს შეუძლია მომდევნო დეკლარაციაში (განცხადებაში) მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს მის მიერ უკვე გაკეთებულ განაცხადში დასმული პირობები.
4. ნებისმიერ წევრს, ნებისმიერ დროს შეუძლია, კონვენციის შეწყვეტის ან დაშლის კვალდაკვალ, როგორც ეს აღწერილია მე-17 მუხლში, გენერალურ დირექტორს გაუგზავნოს განცხადება ნებისმიერი წინამორბედი დეკლარაციის პირობის ნებისმიერი სხვა ფორმით მოდიფიკაციის თაობაზე და განაცხადოს იმ ტერიტორიების პოზიციების შესახებ, რომლებიც შესაძლოა მითითებული იყოს მასში.
მუხლი 16
1. შრომის საერთაშორისო ოფისის(ბიუროს) გენერალურ დირექტორთან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების 35-ე მუხლის 4 ან 5 პარაგრაფების შესაბამისად გაგზავნილი განცხადებები უნდა ასახავდეს განხორციელდება თუ არა განსახილველ ტერიტორიაზე კონვენციისა და მის რომელიმე ან ყველა დანართში ჩამოყალიბებული დებულებები ცვლილებების გარეშე, ან ექვემდებარება თუ არა ისინი მოდიფიკაციას. ასევე, თუ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონვენციის ან რომელიმე ან ყველა დანართის დებულებები ექვემდებარება მოდიფიკაციას, მაშინ მასში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი აღნიშნული მოდიფიკაცია და ცვლილებები.
2. განსახილველ წევრს, წევრებს ან საერთაშორისო ორგანოს ნებისმიერ დროს შეუძლია შესაბამისი დეკლარაციის საფუძველზე მთლიანად ან ნაწილობრივ განაცხადოს უარი ნებისმიერ წინამორბედ დეკლარაციაში მითითებული ცვლილებების შეტანის უფლებაზე.
3. განსახილველ წევრს, წევრებს ან საერთაშორისო ორგანოს, ნებისმიერ დროს, როცა წინამდებარე კონვენცია და მისი დანართის რომელიმე ნაწილი ან მთლიანად დანართი შეწყდება, ან გაუქმდება, როგორც ეს აღწერილია მე-17 მუხლში, შეუძლია გენერალურ დირექტორს გაუგზავნოს განცხადება ნებისმიერი წინამორბედი დეკლარაციის პირობის ნებისმიერი სხვა ფორმით მოდიფიკაციის თაობაზე და განაცხადოს კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებული არსებული პოზიციების შესახებ.
მუხლი 17
1. იმ წევრ ქვეყანას, რომელსაც რატიფიცირებული აქვს წინამდებარე კონვენცია, შეუძლია უარი განაცხადოს მასზე, კონვენციის ძალაში პირველად შესვლის თარიღიდან ათი წლის შემდეგ, რაც განხორციელდება შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორისათვის შესაბამისი აქტის სარეგისტრაციოდ წარდგენით. კონვენცია დენონსირებულად ჩაითვლება დენონსირების შესახებ აქტის რეგისტრაციის თარიღიდან ერთი წლის შემდეგ.
2. ყოველი წევრი, რომელსაც რატიფიცირებული აქვს კონვენცია, და რომელიც კონვენციის მოქმედების ათწლიანი ვადის გასვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში არ გამოიყენებს კონვენციაზე უარის თქმის უფლებას, როგორც ეს აღწერილია წინამორბედ პარაგრაფში, იგი დარჩება კონვენციის მიმართ პასუხისმგებელი დამატებით კიდევ ათი წლით; ამდენად, მას მხოლოდ ყოველი ათწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ექნება კონვენციიდან გასვლის შესახებ განცხადების უფლება, წინამდებარე მუხლში ჩამოყალიბებული პირობების თანახმად.
3. ნებისმიერ დროს, როცა ეს კონვენცია წინამორბედი პარაგრაფების თანახმად ხდება უარის თქმის საგანი, ხოლო მისი წევრი რომელიმე ქვეყანა არ ამბობს მთლიანად კონვენციაზე უარს, როგორც ეს ზემოთაა აღწერილი, მაშინ მას შეუძლია გენერალურ დირექტორს განცხადებით აცნობოს კონვენციის ნებისმიერ ცალკეულ დანართზე უარის თქმის შესახებ, რომელიც ამჟამად ძალაშია მის ტერიტორიაზე.
4. წინამდებარე კონვენციაზე, ან მის ნებისმიერ თუ ყველა დანართზე უარის თქმამ არ უნდა იმოქმედოს ამავე დოკუმენტის ძალით იმ მიგრანტისათვის, ან მისი თანმხლები ოჯახის წევრებისათვის მინიჭებულ უფლებებზე, თუ მისი იმიგრაცია განხორციელდა იმ პერიოდში, როდესაც კონვენცია და/ან შესაბამისი დანართ(ებ)ი ძალაში იყო შესაბამის ტერიტორიაზე, სადაც დაისვა ამ უფლებების ძალაში ყოფნის საკითხი.
მუხლი 18
1. შრომის საერთაშორისო ოფისის გენერალური დირექტორი ვალდებულია, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა წევრ ქვეყანას შეატყობინოს ყველა რატიფიკაციის, დეკლარაციის და კონვენციაზე უარის თქმის რეგისტრაციის შესახებ, რომელიც მას წარუდგინეს ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა.
2. ორგანიზაციის წევრებისათვის ხელმეორე რატიფიკაციის თაობაზე მასთან წარდგენილი განაცხადების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდების დროს, გენერალურმა დირექტორმა ორგანიზაციის წევრების ყურადღება უნდა გაამახვილოს თარიღზე, როდესაც კონვენცია შევა ძალაში.
მუხლი 19
როგორც ეს აღწერილია გაეროს წესდების 102-ე მუხლში, შრომის საერთაშორისო ოფისის გენერალურმა დირექტორმა რეგისტრაციისათვის განცხადებით უნდა მიმართოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, სადაც ჩამოთვლილი იქნება ყველა რატიფიკაციის, დეკლარაციის და უარყოფის აქტების სრულყოფილი სია, რომელიც მან გატარა რეგისტრაციაში წინამორბედ მუხლებში აღწერილი დებულებების შესაბამისად.
მუხლი 20
მაშინ როცა საჭიროდ ჩათვლის, შრომის საერთაშორისო ოფისის მმართველ ორგანოს შეუძლია გენერალური კონფერენციისათვის კონვენციის ეფექტურობის შესახებ ანგარიშის წარდგენა და განიხილოს გენერალური კონფერენციის დღის წესრიგში მისი ნაწილობრივი ან სრული რევიზიის შესახებ საკითხის შეტანა.
მუხლი 21
1. თუ გენერალური კონფერენცია მიიღებს კონვენციის ახალ, მთლიანად ან ნაწილობრივ შესწორებულ ვარიანტს, და თუ ახალ კონვენციაში სხვაგვარად არ არის განმარტებული, მაშინ:
ა. წევრი ქვეყნის მიერ შესწორებული კონვენციის რატიფიკაცია კანონის ძალით (იპსო ჯურე) უნდა ნიშნავდეს წინამდებარე კონვენციიდან დაუყოვნებელ გასვლას ზემოთ, მე-17 მუხლში აღწერილი პირობების მიუხედავად, თუ ან როდის შედის ძალაში ახალი, რევიზირებული კონვენცია.
ბ. იმ დღიდან, როცა ძალაში შევა ახალი, რევიზირებული კონვენცია, წევრი სახელმწიფოების რატიფიკაციის დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას წინამდებარე კონვენცია.
2. წინამდებარე კონვენცია მისი არსებული ფორმითა და შინაარსით ძალაში რჩება იმ წევრი ქვეყნებისათვის, რომლებმაც მოახდინეს მისი რატიფიცირება, ხოლო ახალი, შესწორებული ვარიანტისა – არა.
მუხლი 22
1. შრომის საერთაშორისო კონფერენციას უფლება აქვს ნებისმიერ სესიაზე, როცა კი დღის წესრიგში დგას საკითხი, ორი მესამედი ხმების უმრავლესობით მიიღოს წინამდებარე კონვენციის რევიზირებული (შესწორებული) ტექსტი ან დანართი სრულად ან ნაწილობრივ.
2. თითეული ქვეყანა, რომლისთვისაც ძალაშია წინამდებარე კონვენცია, ვალდებულია, ყრილობის სესიის დახურვიდან ერთი წლის ვადაში, ან, გამონაკლის შემთხვევაში თვრამეტ თვეში, შესწორებული ტექსტი წარუდგინოს ხელისუფლების კომპეტენტურ შტოს, ვის უფლებამოსილებაშიც შედის კანონების მიღება თუ სხვა ღონისძიებები.
3. ყოველი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ძალაშია წინამდებარე კონვენცია, ნებისმიერი მსგავსი შესწორებული ტექსტი ძალაში შევა წევრი ქვეყნის მიერ შრომის საერთაშორისო ოფისის დირექტორთან შესწორებული ტექსტის მიღების შესახებ განაცხადის წარდგენის შემდეგ.
4. კონფერენციის მიერ დანართის შესწორებული ტექსტის მიღების თარიღიდან, წევრი ქვეყნებისათვის რატიფიკაციის დღის წესრიგში დგება მხოლოდ ტექსტის შესწორებული ვერსია.
მუხლი 23
წინამდებარე კონვენციის ინგლისური და ფრანგული ვერსიები თანაბარი ძალი მქონე დოკუმენტებს წარმოადგენს.
დანართები
დანართი I
დასაქმების მიზნით მიგრირებული პირის სამუშაოზე აყვანა, განაწილება და სამუშაო პირობების შექმნა, როცა სამუშაოზე აყვანა არ ხდება მთავრობის მიერ ორგანიზებული ჯგუფური ტრანსფერების საშუალებით.
მუხლი 1
წინამდებარე დანართი ეხება დასაქმების მიზნით მიგრირებულ პირს, რომელიც სამუშაოზე არ მიუღიათ ჯგუფური ტრანსფერებისთვის მთავრობის მიერ დაფინანსებული ღონისძიებებით.
მუხლი 2
ამ დანართის მიზნებიდან გამომდინარე:
ა. ტერმინი სამუშაოზე აყვანა ნიშნავს –
(ი) ერთი ტერიტორიიდან პირის დაქირავებას სხვა ტერიტორიაზე არსებული დამქირავებლის მიერ, ან
(იი) ერთ ტერიტორიაზე პირისთვის პირობის ან გარანტიის მიცემას მისთვის სხვა ტერიტორიაზე დასაქმების უზრუნველყოფის შესახებ;
ასევე, ნებისმიერ შეთანხმებას (ი) და (იი) პუნქტებში აღწერილ ოპერაციებთან დაკავშირებით, მათ შორის: ემიგრანტების ძიება და შერჩევა და ემიგრანტების გამგზავრების მომზადება.
(ბ) ტერმინი წარდგენა ნიშნავს – ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც უზრუნველყოფს, ან ხელს უწყობს ამავე მუხლის (ა) პარაგრაფის თანახმად სამუშაოზე აყვანილი პირის ტერიტორიაზე ჩამოსვლას და მიღებას; და
(გ) ტერმინი განაწილება ნიშნავს – ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც უზრუნველყოფს, ან ხელს უწყობს ამავე მუხლის (ბ) პარაგრაფის თანახმად წარდგენილი პირის დასაქმებას.
მუხლი 3
1. თითეული წევრი ქვეყანა, რომლისთვისაც ძალაშია წინამდებარე დანართი, რომლის კანონები და რეგულაციები ნებას იძლევა განხორციელდეს სამუშაოზე აყვანის, წარდგენისა და განაწილების ოპერაციები, როგორც ეს განმარტებულია ზემოთ, მე-2 მუხლში, ვალდებულია აღნიშნული ოპერაციები და ქმედებები არეგულიროს მისი კანონმდებლობისა და საკანონმდებლო აქტების მიერ დადგენილ საზღვრებში ამავე მუხლში ჩამოყალიბებული დებულებების შესაბამისად.
2. მომდევნო პარაგრაფში ჩამოყალიბებული დებულებების თანახმად, სამუშაოზე აყვანის, წარდგენისა და განაწილების ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეს მხოლოდ შემდეგ ორგანიზაციებს:
(ა) იმ ტერიტორიაზე არსებულ დასაქმების საჯარო სამსახურებს ან სხვა საჯარო დაწესებულებებს, სადაც ადგილი აქვს აღნიშნულ ღონისძიებებს;
(ბ) აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების ტერიტორიის გარეთ არსებულ საჯარო სამსახურებს, რომლებსაც განსახილველი ტერიტორიის მთავრობასთან მიღწეული აქვთ შეთანხმება ამ ტერიტორიაზე მოქმედების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.
(გ) ნებისმიერი დაწესებულება, რომელიც დაარსებულია საერთაშორისო ინსტრუმენტებით განსაზღვრული პირობების თანახმად.
3. რამდენადაც ეროვნული კანონმდებლობა და რეგულაციები ან ორმხრივი შეთანხმებები იძლევა ამის ნებართვას, სამუშაოზე აყვანის, წარდგენისა და განაწილების ოპერაციები შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ორგანიზაციების მიერ:
(ა) მომავალი დამქირავებელი ან მისი სახელით მოქმედი პირი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში მიგრანტის ინტერესებიდან გამომდინარე, ექვემდებარება კომპეტენტური ორგანოს მიერ ნებართვის გაცემას და ზედამხედველობას;
(ბ) კერძო სააგენტო, რომელსაც მოქმედებისთვის გააჩნია იმ ტერიტორიის კომპეტენტური ორგანის მიერ წინასწარ გაცემული უფლებამოსილება, სადაც აღნიშნულ ოპერაციებს ექნება ადგილი იმ შემთხვევებში და იმ პირობებში, რომელიც განსაზღვრულია:
(ი) იმავე ტერიტორიის კანონმდებლობისა და რეგულაციების მიერ, ან
(იი) მიგრაციის ტერიტორიაზე არსებულ კომპეტენტურ ორგანოს ან საერთაშორისო ინსტრუმენტებით განსაზღვრული პირობების თანახმად ჩამოყალიბებულ სხვა დაწესებულებასა და ემიგრაციის ტერიტორიაზე არსებულ კომპეტენტურ ორგანოს შორის დადებული შეთანხმებით.
4. იმ ტერიტორიის კომპეტენტურმა ორგანომ, სადაც განხორციელდება მოქმედებები, უნდა აკონტროლოს იმ დაწესებულებებისა და პირების მიერ გატარებული ღონისძიებები, რომლებსაც ამ მუხლის 3(ბ) პარაგრაფის საფუძველზე მიენიჭა უფლებამოსილება, გარდა იმ დაწესებულებებისა, რომლებიც შეიქმნა საერთაშორისო ინსტრუმენტებით დადგენილი პირობების თანახმად, და რომელთა მართვა ხორციელდება აღნიშნული ინსტრუმენტის პირობების შესაბამისად ან მმართველ ორგანოსა და შესაბამის კომპეტენტურ ადმინისტრაციას შორის დადებული ნებისმიერი შეთანხმებით.
5. წინამდებარე მუხლის არც ერთი პარაგრაფი არ უნდა ჩაითვალოს დასაქმების მიზნით მიგრირებული პირისთვის ნებისმიერი წევრის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებისა თუ პირის მიერ ან სხვა სამსახურის მიერ ამავე ტერიტორიაზე დაშვების ნებართვის გაცემად, გარდა ემიგრაციის ტერიტორიაზე არსებული კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ნებართვისა.
მუხლი 4
თითეული წევრი ქვეყანა, რომლისთვისაც ძალაშია წინამდებარე დანართი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მისი საჯარო დასაქმების სამსახურის მიერ დასაქმების მიზნით მიგრირებული პირისთვის სამუშაოზე აყვანასთან, წარდგენასთან ან განაწილებასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურება იყოს უფასო.
მუხლი 5
1. თითეული წევრი ქვეყანა, რომლისთვისაც ძალაშია წინამდებარე დანართი და რომელიც ახორციელებს დამქირავებელსა თუ მისი სახელით მოქმედ პირსა და დასაქმების მიზნით მიგრირებული პირს შორის დადებული ხელშეკრულებების ზედამხედველობას, ვალდებულია მოითხოვოს, რომ:
(ა) მიგრანტს ხელშეკრულების ასლი გადაეცეს საკუთარი ქვეყნის დატოვებამდე, ან თუ განსახილველ სახელმწიფოებს შორის არსებობს მსგავსი შეთანხმება, მაშინ ხელშეკრულება გადაეცეს იმიგრაციის ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ მიმღებ ცენტრში ჩამოსვლისთანავე.
(ბ) ხელშეკრულება შეიცავდეს დებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს სამუშაო პირობებს და კონკრეტულად, მიგრანტისთვის შეთავაზებულ ანაზღაურებას.
(გ) მიგრანტმა ქვეყნის დატოვებამდე წერილობით მიიღოს დოკუმენტი, რომელიც ეხება პირადად მას ან მიგრანტთა ჯგუფს, რომლის წევრიც არის თავად, და რომელშიც აღწერილია ინფორმაცია მისთვის განსაზღვრული ზოგადი სამუშაო და საცხოვრებელი პირობების შესახებ ემიგრაცის ქვეყანაში.
2. როცა ხელშეკრულების ასლი მიგრანტს უნდა გადაეცეს ემიგრაციის ქვეყნის ტერიტორიაზე ჩასვლის შემდეგ, ის ინფორმირებული უნდა იყოს წერილობით საკუთარი ქვეყნის დატოვებამდე დოკუმენტით, რომელიც ეხება პირადად მას ან მიგრანტთა ჯგუფს, რომლის წევრიც არის თავად, იმ პროფესიული კატეგორიის შესახებ, რომელშიც ის იმუშავებს და სხვა სამუშაო პირობების შესახებ, კერძოდ კი მისთვის გარანტირებული მინიმალური ხელფასის შესახებ.
3. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს წინამორბედ პარაგრაფებში აღწერილი დებულებების შესრულება და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სასჯელის დაწესება.
მუხლი 6
კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად გატარებული ზომები, შესაფერის შემთხვევაში, უნდა შეიცავდეს:
(ა) ადმინისტრაციული ფორმალობების გამარტივებას;
(ბ) მთარგმნელობითი მომსახურების გაწევას;
(გ) მიგრანტთა და მათთან თანხლების ან შეერთების უფლების მქონე ოჯახის წევრთა პირველად სახცოვრებელ ადგილებზე ყოფნისას ნებისმიერი აუცილებელი დახმარების გაწევას; და
(დ) მიგრანტთა და მათთან თანხლების ან შეერთების უფლების მქონე ოჯახის წევრთა საკუთრების და საყოფაცხოვრებო პირობების დაცვას მგზავრობის პერიოდში, განსაკუთრებით გემის ბორტზე.
მუხლი 7
1. იმ შემთხვევებში, როცა ერთი წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე დასაქმების მიზნით მიგრირებულ პირთა რაოდენობა ძალიან დიდია, ამ ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები ვალდებული არიან, რომ საჭიროების ან სასურველ შემთხვევაში, შეთანხმება დადონ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე საკითხების დასარეგულირებლად, ამავე დანართის დებულებების განხორციელებასთან დაკავშირებით.
2. როცა წევრები ინარჩუნებენ დასაქმების ხელშეკრულებების კონტროლს, ამგვარ შეთანხმებებში უნდა აისახოს მეთოდი, რომლითაც განხორციელდება დამქირავებლის სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება.
მუხლი 8
ნებისმიერი პირი, რომელიც ხელს შეუწყობს ფარულ, ან უკანონო იმიგრაციას, უნდა დაექვემდებაროს შესაფერის სასჯელს.
დანართი
დანართი II
დასაქმების მიზნით მიგრირებულ პირთა სამუშაოზე აყვანა, განაწილება და სამუშაო პირობების შექმნა, როცა სამუშაოზე აყვანა ხდება ჯგუფურად მთავრობის მიერ ორგანიზებული ღონისძიებებით.
მუხლი 1
წინამდებარე დანართი ეხება დასაქმების მიზნით მიგრირებულ პირებს, რომელთა სამუშაოზე აყვანა ხდება ჯგუფური გადაყვანის გზით მთავრობის ორგანიზებით.
მუხლი 2
ამ დანართის მიზნებიდან გამომდინარე:
ა. ტერმინი სამუშაოზე აყვანა ნიშნავს –
(ი) ერთი ტერიტორიიდან პირის დაქირავებას სხვა ტერიტორიაზე არსებული დამქირავებლის სახელით ჯგუფური გადაყვანის გზით მთავრობის მხარდაჭერით და ორგანიზებით
(იი) ერთ ტერიტორიაზე მცხოვრები პირისთვის პირობის ან გარანტიის მიცემას მისთვის სხვა ტერიტორიაზე დასაქმების უზრუნველყოფის შესახებ მთავრობის მხარდაჭერით და ორგანიზებით ჯგუფური გადაყვანის გზით
(ი) და (იი) პუნქტებში აღწერილ ოპერაციებთან დაკავშირებით განხორციელებულ ნებისმიერ შეთახმებასთან ერთად, მათ შორის: ემიგრანტების ძიება და შერჩევა და ემიგრანტების გამგზავრების მომზადება.
(ბ) ტერმინი წარდგენა ნიშნავს – ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც უზრუნველყოფს, ან ხელს უწყობს ამავე მუხლის (ა) პარაგრაფის თანახმად სამუშაოზე ჯგუფურად გადაყვანას მთავრობის მიერ ორგანიზებული ღონისძიებებით, აყვანილი პირის ტერიტორიაზე ჩამოსვლას და მიღებას; და
(გ) ტერმინი განაწილება ნიშნავს – ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც უზრუნველყოფს, ან ხელს უწყობს ამავე მუხლის (ბ) პარაგრაფის თანახმად ჯგუფური ტრანსფერებისთვის მთავრობის მიერ ორგანიზებული ღონისძიებებით წარდგენილი პირის დასაქმებას.
მუხლი 3
1. თითეული წევრი ქვეყანა, რომლისთვისაც ძალაშია წინამდებარე დანართი, რომლის კანონები და რეგულაციები ნებას იძლევა განხორციელდეს სამუშაოზე აყვანის, წარდგენისა და განაწილების ოპერაციები, როგორც ეს განმარტებულია ზემოთ, მე-2 მუხლში, ვალდებულია აღნიშნული ოპერაციები და ქმედებები არეგულიროს მისი კანონმდებლობისა და საკანონმდებლო აქტების მიერ დადგენილ საზღვრებში ამავე მუხლში ჩამოყალიბებული დებულებების შესაბამისად.
2. მომდევნო პარაგრაფში ჩამოყალიბებული დებულებების თანახმად, სამუშაოზე აყვანის, წარდგენისა და განაწილების ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეს მხოლოდ შემდეგ ორგანიზაციებს:
(ა) იმ ტერიტორიაზე არსებულ დასაქმების საჯარო სამსახურებს ან სხვა საჯარო დაწესებულებებს, სადაც ადგილი აქვს აღნიშნულ ღონისძიებებს;
(ბ) აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების ტერიტორიის გარეთ არსებულ საჯარო სამსახურებს, რომლებსაც განსახილველი ტერიტორიის მთავრობასთან მიღწეული აქვთ შეთანხმება ამ ტერიტორიაზე მოქმედების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.
(გ) ნებისმიერი დაწესებულება, რომელიც დაარსებულია საერთაშორისო ინსტრუმენტებით განსაზღვრული პირობების თანახმად
3. რამდენადაც ეროვნული კანონმდებლობა და რეგულაციები ან ორმხრივი შეთანხმებები იძლევა ამის ნებართვას, და საჭიროების შემთხვევაში მიგრანტის ინტერესებიდან გამომდინარე, კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ნებართვისა და მათივე ზედამხედველობის პირობებში, სამუშაოზე აყვანის, წარდგენისა და განაწილების ოპერაციები შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ორგანიზაციების მიერ:
(ა) მომავალი დამქირავებელი ან მისი სახელით მოქმედი პირი,
(ბ) კერძო სააგენტოები.
4. სამუშაოზე აყვანის, წარდგენისა და განაწილების ოპერაციების განხორციელების უფლება წარმოადგენს იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული წინასწარი ნებართვის საგანს, სადაც ხორციელდება აღნიშნული ოპერაციები და იმ შემთხვევებსა და პირობებში რომლების განსაზღვრულია:
(ა) იმავე ტერიტორიის კანონმდებლობისა და რეგულაციების მიერ, ან
(იი) ემიგრაციის ტერიტორიაზე არსებულ კომპეტენტურ ორგანოს ან საერთაშორისო ინსტრუმენტებით განსაზღვრული პირობების თანახმად ჩამოყალიბებულ სხვა დაწესებულებასა და იმიგრაციის ტერიტორიაზე არსებულ კომპეტენტურ ორგანოს შორის დადებული შეთანხმებით
5. იმ ტერიტორიის კომპეტენტურმა ორგანომ, სადაც განხორციელდება ოპერაციები, უნდა აკონტროლოს იმ დაწესებულებებისა და პირების მოქმედებები, რომლებსაც ამ მუხლის წინამორბედი პარაგრაფის საფუძველზე მიენიჭა უფლებამოსილება, გარდა იმ დაწესებულებებისა, რომლებიც შეიქმნა საერთაშორისო ინსტრუმენტებით დადგენილი პირობების თანახმად, და რომელთა მართვა ხორციელდება აღნიშნული ინსტრუმენტისა თუ განსახილველ კომპეტენტურ ორგანოსა და დაწესებულებას შორის დადებული რაიმე შეთანხმების მიერ.
6. დასაქმების მიზნით მიგრირებულ პირთა წარდგენის უფლების გაცემამდე ემიგრაციის ქვეყნის კომპეტენტურმა ორგანომ უნდა დაადგინოს, ხომ არ არის უკვე ქვეყნის ტერიტორიაზე იმ ადამიანთა საკმარისი რაოდენობა, ვისაც უნარი შესწევს შეასრულოს განსახილველი სამუშაო.
7. წინამდებარე მუხლის არც ერთი პარაგრაფი არ უნდა ჩაითვალოს დასაქმების მიზნით მიგრირებული პირისთვის ნებისმიერი წევრის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებისა თუ პირის მიერ ან სხვა სამსახურის მიერ ამავე ტერიტორიაზე დაშვების ნებართვის გაცემად, გარდა ემიგრაციის ტერიტორიაზე არსებული კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ნებართვისა.
მუხლი 4
1. თითეული წევრი ქვეყანა, რომლისთვისაც ძალაშია წინამდებარე დანართი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მისი საჯარო დასაქმების სამსახურის მიერ დასაქმების მიზნით მიგრირებული პირისთვის სამუშაოზე აყვანასთან, წარდგენასთან ან განაწილებასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურება იყოს უფასო.
2. სამუშაოზე აყვანასთან, წარდგენასთან და განაწილებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ხარჯები არ უნდა იქნას გაღებული მიგრანტის მიერ.
მუხლი 5
ერთი ქვეყნიდან მეორეში მიგრანტთა კოლექტიური ტრანსპორტირების შემთხვევაში, რაც მესამე ქვეყანაში ტრანზიტული გავლით ხორციელდება, ტრანზიტული ქვეყნის კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები ტრანზიტული სვლის დასაჩქარებლად რათა თავიდან იქნას აცილებული შეფერხებები და ადმინისტრაციული სირთულეები.
მუხლი 6
1. თითეული წევრი ქვეყანა, რომლისთვისაც ძალაშია წინამდებარე დანართი და რომელიც ახორციელებს დამქირავებელსა თუ მისი სახელით მოქმედ პირსა და დასაქმების მიზნით მიგრირებული პირს შორის დადებული ხელშეკრულებების ზედამხედველობას, ვალდებულია მოითხოვოს, რომ:
(ა) მიგრანტს ხელშეკრულების ასლი გადაეცეს საკუთარი ქვეყნის დატოვებამდე, ან თუ შესაბამის მთავრობებს შორის არსებობს მსგავსი შეთანხმება, მაშინ ხელშეკრულება გადაეცეს იმიგრაციის ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ მიმღებ ცენტრში ჩამოსვლისთანავე.
(ბ) ხელშეკრულება შეიცავდეს დებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს სამუშაო პირობებს და კონკრეტულად, მიგრანტისთვის შეთავაზებულ ანაზღაურებას.
(გ) მიგრანტმა ქვეყნის დატოვებამდე წერილობით მიიღოს დოკუმენტი, რომელიც ეხება პირადად მას ან მიგრანტთა ჯგუფს, რომლის წევრიც არის თავად, და რომელშიც აღწერილია ინფორმაცია მისთვის განსაზღვრული ზოგადი სამუშაო და საცხოვრებელი პირობების შესახებ ემიგრაცის ქვეყანაში.
2. როცა ხელშეკრულების ასლი მიგრანტს გადაეცემა ემიგრაციის ქვეყნის ტერიტორიაზე ჩასვლის შემდეგ, ის საკუთარი ქვეყნის დატოვებამდე წერილობით დოკუმენტით უნდა იყოს ინფორმირებული, რომელიც ეხება პირადად მას ან მიგრანტთა ჯგუფს, რომლის წევრიც არის თავად, იმ პროფესიული კატეგორიის შესახებ, რომელშიც ის იმუშავებს, და სხვა სამუშაო პირობების შესახებ, კერძოდ კი მისთვის გარანტირებული მინიმალური ხელფასის შესახებ.
3. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს წინამორბედ პარაგრაფებში აღწერილი დებულებების შესრულება და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სასჯელის დაწესება.
მუხლი 7
კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად გატარებული ზომები, შესაფერის შემთხვევაში, უნდა შეიცავდეს:
(ა) ადმინისტრაციული ფორმალობების გამარტივებას;
(ბ) მთარგმნელობითი მომსახურების გაწევას;
(გ) მიგრანტთა და მათთან თანხლების და შეერთების უფლების მქონე ოჯახის წევრთა პირველად სახცოვრებელ ადგილებზე განთავსებისას, ნებისმიერი აუცილებელი დახმარების გაწევას; და
(დ) მიგრანტთა და მათთან თანხლების და შეერთების უფლების მქონე ოჯახის წევრთა საკუთრების და საყოფაცხოვრებო პირობების დაცვას მგზავრობის პერიოდში და განსაკუთრებით გემის ბორტზე;
(ე) მუდმივი ნებართვის საფუძველზე მიღებული დასაქმების მიზნით მიგრირებულ პირთა საკუთრების ლიკვიდაციისა და ტრანსფერის ნებართვის გაცემას.
მუხლი 8
კომპეტენტურმა ორგანომ, საწყისი პერიოდის განმავლობაში, მიგრანტთა დასაქმებაში დასახმარებლად უნდა მიიღოს ადეკვატური ზომები მათი დასაქმების პირობებთან დაკავშირებით და, შესაბამის შემთხვევაში, მსგავსი ზომები შესაძლოა მიღებული იყოს სანქცირებულ მოხალისე ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
მუხლი 9
თუ დასაქმების მიზნით მიგრირებული პირი, რომელიც წარდგენილია წევრ ქვეყანაში ამ დანართის მე-3 მუხლის დებულებების შესაბამისად, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ შეძლებს იმ სამუშაოს შესრულებას რისთვისაც ის დაიქირავეს, ან სხვა შესაფერისი სამუშაოს შესრულებას, მისი და მისი თანმხლები ოჯახის წევრების დაბრუნებისთვის საჭირო ხარჯები, მათ შორის ადმინისტრაციული მოსაკრებლები, ტრანსპორტირების საფასური და საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ტექნიკური მომსახურების ხარჯები, ასევე მისი პირადი და საოჯახო ნივთების ტრანსპორტირების საფასური, არ უნდა დაეკისროს მიგრანტს.
მუხლი 10
თუ კი იმიგრაციის ქვეყნის კომპეტენტური ორგანო აღმოაჩენს, რომ დასაქმების ადგილი, რომლისთვისაც დასაქმების მიზნით მიგრირებული პირი იქნა ამ დანართის მე-3 მუხლის თანხმად სამუშაოზე აყვანილი, შეუფერებელია, მან უნდა მიიღოს ადეკვატური ზომები მიგრანტისთვის შესაფერისი სამუშაოს მოძებნაში დასახმარებლად, ისე რომ არ დაირღვეს ადგილობრივი მუშახელის უფლებები, და უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომ უზრუნველყოს მიგრანტის მიერ ასეთი სამუშაო ადგილის მიღებამდე მოლოდინის პერიოდი, ან მისივე სურვილით დაბრუნება ახალწვეულთა ტერიტორიაზე, სამუშაო ადგილის მიღებამდე – თუ კი მიგრანტი თანახმაა, ან დაასახლოს სხვაგან.
მუხლი 11
თუ დასაქმების მიზნით მიგრირებული პირი ლტოლვილია, ან იძულებით გადაადგილებული პირია, რომელიც ტერიტორიაზე შემოვიდა ამავე დანართის მე-3 მუხლის დებულებების შესაბამისად, და იგი ნებისმიერი სამუშაოდან გათავისუფლდება ამ ტერიტორიაზე, მაშინ ამ ტერიტორიის კომპეტენტურმა ორგანომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა დაეხმაროს მას შესაფერისი სამუშაოს პოვნაში, რითაც არ დაირღვევა ადგილობრივი მუშახელის უფლებები, და უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც უზრუნველყოფს აღნიშნული პირის მიერ ასეთი სამუშაო ადგილის მიღებამდე მოლოდინის პერიოდს, ან დაასახლოს სხვაგან.
მუხლი 12
1. განსახილველი ტერიტორიების კომპეტენტურმა ორგანოებმა შეთანხმება უნდა დადონ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე საკითხების დასარეგულირებლად, ამავე დანართის დებულებების განხორციელებასთან დაკავშირებით
2. როცა წევრები ინარჩუნებენ დასაქმების ხელშეკრულებების კონტროლს, ამგვარ შეთანხმებებში უნდა აისახოს მეთოდი, რომლითაც განხორციელდება დამქირავებლის სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება.
3. ასეთი სახის ხელშეკრულებაში უნდა ისახოს, შესაფერის შემთხვევაში, ემიგრაციის ტერიტორიაზე მოქმედ კომპეტენტურ ორგანოსა თუ საერთაშორისო ინსტრუმენტების პირობების დაცვით ჩამოყალიბებულ დაწესებულებასა და იმიგრაციის ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს შორის თანამშრომლობის პირობები, რაც გამოიხატება მე-8 მუხლში აღწერილი დებულებების თანახმად მიგრანტთათვის სამუშაო პირობების გათვალისწინებით გაწეულ დახმარებაში.
მუხლი 13
ნებისმიერი პირი, რომელიც ხელს შეუწყობს ფარულ, ან უკანონო ემიგრაციას, უნდა დაექვემდებაროს შესაფერის სასჯელს.
დანართი
დანართი III
დასაქმების მიზნით მიგრირებულ პირთა პირადი ნივთების, სამუშაო იარაღების და აღჭურვილობის იმპორტი
მუხლი 1
1. სამუშაოზე აყვანილი დასაქმების მიზნით მიგრირებულ პირთა და მათი თანმხლები ოჯახის წევრების პირადი ნივთების, სამუშაო იარაღებისა და აღჭურვილობის იმპორტი უნდა გათავისუფლდეს საბაჟო გადასახადისაგან იმიგრაციის ტერიტორიაზე ჩამოსვლისას.
2. პორტატული სამუშაო იარაღები და აღჭურვილობა, რომელსაც როგორც წესი მუშები ფლობენ კონკრეტული სამუშაოების შესასრულებლად, და რომელიც ეკუთვნის დასაქმების მიზნით მიგრირებულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც უფლება აქვთ თან ახლდნენ ან შეუერთდნენ მათ, უნდა გათავისუფლდეს საბაჟო მოსაკრებელის გადახდისაგან იმიგრაციის ტერიტორიაზე შესვლისას იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ იმპორტირების მომენტში ისინი ნამდვილად ფლობდნენ მას, მანამდეც ფლობდნენ და იყენებდნენ საკმარისად ხანგრძლივი დროის განმავლობაში, და აპირებენ ამ ტერიტორიაზე სამუშაოების შესრულების დროს გამოყენებას.
მუხლი 2
1. დასაქმების მიზნით მიგრირებულ პირთა და მათი ოჯახის წევრების, რომელთაც უფლება აქვთ თან ახლდნენ ან შეუერთდნენ მათ, პირადი საკუთრების ნივთების იმპორტი უნდა გათავისუფლდეს საბაჟო მოსაკრებლის გადახდისგან ამ პირების საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებისას, თუ მათ დაბრუნების მომენტში შენარჩუნებული აქვთ იმ ქვეყნის მოქალაქეობა.
2. პორტატული სამუშაო იარაღები და აღჭურვილობა, რომელსაც როგორც წესი მუშები ფლობენ კონკრეტული სამუშაოების შესასრულებლად, და რომელიც ეკუთვნის მიგრანტებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც უფლება აქვთ თან ახლდნენ ან შეუერთდნენ მათ, უნდა გათავისუფლდეს საბაჟო მოსაკრებელის გადახდისაგან ამ პირების საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებისას, თუ მათ დაბრუნების მომენტში შენარჩუნებული აქვთ იმ ქვეყნის მოქალაქეობა და თუ დაასტურდება, რომ ისინი ნამდვილად ფლობდნენ მას, მანამდეც ფლობდნენ და იყენებდნენ საკმარისად ხანგრძლივი დროის განმავლობაში, და აპირებენ ამ ტერიტორიაზე სამუშაოების შესრულების დროს გამოყენებას.
ცნობები
შესწორებული: ჩ066 წინამდებარე კონვენცია წარმოადგენს დასაქმების მიზნით მიგრაციის შესახებ 1939 წლის კონვენციის რევიზიას
წესდება: 19 მუხლი 19 შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონსტიტუცია
წესდება: 35 მუხლი 35 შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონსტიტუცია
შევსებულია: C143 შევსებულია დასაქმების მიზნით მიგრაციის შესახებ რეკომენდაციით, 1949
ILO მთავარი გვერდი NORMES მთავარი გვერდი ILOLEX მთავარი გვერდი Universal query NATLEX
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების განყოფილებას (NORMES) ელ-ფოსტით:
საავტორო უფლება © 2006 შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO)
webinfo@ilo.org