უზენაესმა სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა, დასაქმებულმა პროფკავშირების დახმარებით საკომპენსაციო თანხა – 42 000 ლარი უკვე აიღო.
შპს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული ვ.კ. 40 წლიანი მუშაობის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების საფუძვლად დამსაქმებელი შესასრულებელი სამუშაოს მიმართ ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობას მიუთითებდა.
ვ.კ-ის აღნიშნული სამუშაო ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო. როგორც თვითონ ყვება, საკუთარი საქმე ძალიან უყვარდა და ამდენწლიანი მუშაობის შემდეგ, მისთვის სხვა სამსახურის მოძიება ძალიან რთული აღმოჩნდა.
ვ.კ-მ დახმარების თხოვნით თბილისის სამგზავრო ტრანსპორტის მუშაკთა პროფესიულ კავშირს მიმართა. საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა. პროფკავშირების გაერთიანების იურისტებმა მირანდა მანდარიამ და თამარ სურმავამ სასამართლო დავა ორივე ინსტანციაში მოიგეს. მესამე ინსტანციაში, უზენაესმა სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
მოპასუხე შპს „თბილისის სატრანსპორტო“ კომპანიას მოსარჩელე ვ -კ-ს სასარგებლოდ სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის გამო კომპენსაციის სახით 2,000 ლარის გადახდა და ყოველთვიურად იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2021 წლის 20 სექტემბრიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაეკისრა, ჯამში – 42 000 ლარი.