Search
Close this search box.
Search
Close this search box.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ დასაქმებული დევნილი უკანონოდ გაათავისუფლა – პროფკავშირებმა უწყებას სასამართლო დავა მოუგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ უწყებაში დასაქმებული დევნილი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა.

ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც 19 აპრილს მიიღო სასამართლომ, სადაც დაზარალებულის ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი იცავდა. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა ისიც, რომ მხარეები უვადო შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ.

2018 წლის 16 მაისიდან ნ.გ-სთან უწყება შრომით ხელშეკრულებას შრომის კოდექსით დადგენილი ვადების საწინააღმდეგოდ აფორმებდა, რაც ერთ-, ორ-, სამ- და ექვსთვიან ხელშეკრულებებს გულისხმობდა.

2021 წლის 1-ლ მარტს კი დამსაქმებელმა ნ.გ.-ს დაუდო  არა  შრომითი, არამედ „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულება  6 თვის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ კი, თითქოსდა ვადის ამოწურვის საფუძვლით,  მასთან სამსახურეობრივი ურთიერთობა შეწყვიტა.

„სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების შინაარსი შრომითი ხელშეკრულების იდენტური იყო, შეცვლილი იყო მხოლოდ სათაური, ხოლო დასაქმებული  ნ.გ. ფაქტობრივად ზუსტად იგივე ყოველდღიურობით ასრულებდა სამუშაოს.

პროფკავშირების გაერთიანების იურისტი, თამილა გაბაიძე, რომელიც ნ.გ.-ს ინტერესებს იცავს სასამართლოში, განმარტავს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს კანონიერების მკაცრი დაცვა ევალება. უწყებამ კი ნ.გ.-სთან მოჩვენებითი გარიგება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კანონსაწინააღმდეგოდ გააფორმა, რითაც შრომითი ხელშეკრულების დადებას თავი აარიდა.

ნ.გ.-მ სასამართლოს სარჩელით აფხაზეთის პროფესიული კავშირების გაერთიანების დახმარებით მიმართა. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულმა სასამართლომ 19 აპრილის გადაწყვეტილებით გარდა იმისა, რომ „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულება უვადო შრომით ურთიერთობად აღიარა, აგრეთვე, ნ.გ.-ს სამსახურიდან გათავისუფლება ბათილად ცნო. აღდგენის შეუძლებლობისა და იძულებითი მოცდენის სანაცვლოდ კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს  2500 ლარის ოდენობით კომპენსაცია დააკისრა.

პროფკავშირები გაცნობებთ, რომ სხვადასხვა სათაურის მქონე ხელშეკრულების დადება შრომითი ხელშეკრულებისა და დასაქმებულების მიმართ შრომის კოდექსით განსაზღვრული საკანონმდებლო ვალდებულებებისგან თავის არიდების ყველაზე გავრცელებული მეთოდია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროც ამ პრაქტიკას აქტიურად იყენებს, მათ შორის, დევნილების მიმართ.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.